25 სექტემბერი 2026,   00:48
ვრცლად
საპოლიციო ღონისძიება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - სამართალდამცველებმა თბილისსა და კახეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს

მირცხულავას ქუჩაზე მდებარე კორპუსში სამართალდამცველები საღამოს გამოჩნდნენ, საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს და ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს.

ნარკოდანაშაულის კვალზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლები გავიდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, ბინაში 19 წლის მამაკაცი ქირით ცხოვრობდა, იყო ე.წ. დამდები და უახლოეს პერიოდში ნარკოტიკების სამალავებში დატოვებას გეგმავდა.

ერთ-ერთი ოთახიდან პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "ალფა პვპ" და "მეთადონი" ამოიღო. ნარკოტიკი გასაყიდად იყო გამზადებული. 19 წლის მამაკაცი დაკავებულია და ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

"ემ დე ემ აის" გავრცელების ფაქტი აღკვეთეს ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლებმაც. ერთ-ერთ ქუჩაზე სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე გაჩხრიკეს, ჯიბიდან 14 შეკვრა, ხოლო სამალავებიდან კლიენტისთვის დადებული ნარკოტიკი ამოიღეს.

ნარკოდანაშაულისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სულ 4 პირი აიყვანეს. ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გასავრცელებლად გამზადებული ნარკოტიკი და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობები.

უწყების მიერ გავრცელებული კადრები სოფელ ანაგაშია გადაღებული, საცხოვრებელი სახლის ეზოში. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 80 კილოგრამამდე მცენარე კანაფის კვალზე გავიდნენ. დაკავებულია 40 წლის მამაკაცი.

კახეთში დაკავების ღონისძიებები კიდევ რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, საპოლიციო ღონისძიებების დროს სულ 3 პირია დაკავებული. აღკვეთილია 100 კილოგრამამდე მცენარე "კანაფის" და 115 გრამამდე "მარიხუანას" გავრცელების ფაქტები.

პოლიცია ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისთვის შესაბამის ღონისძიებებს ამ დრომდე ატარებს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისსა და კახეთის რეგიონში დაკავებულ 7 პირს ნარკოდანაშაულისთვის ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა.

დღის ამბები