სახელმწიფოებრივი პროექტების ჩაშლის გეგმა - მმართველი გუნდი ე.წ. არაბიზაციის კამპანიაზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ, უცხოური ძალების დავალებით, გარედან დაფინანსებული ჯგუფები მრავალმილიონიანი სახელმწიფოებრივი პროექტების ჩაშლას ცდილობენ.
"ქართულ ოცნებაში", Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ დაწყებული დეზინფორმაციული კამპანიის გარდა, იხსენებენ "ნამახვანჰესთან" დაკავშირებულ პროტესტს, როდესაც რადიკალურმა ჯგუფებმა მიზანს მიაღწიეს და ქვეყანას 400 მილიონი დოლარის ზიანი მიადგა.
"ქართულ ოცნებაში" საუბრობენ სტატისტიკურ მონაცემებზეც და ამბობენ, რომ ქვეყნის ე.წ. არაბიზაციის საფრთხე სრული სიცრუეა, ამას კი ადასტურებს საქართველოში ეთნიკური მოსახლეობის მაჩვენებელიც, რომლის მიხედვითაც 7 არაბული ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში მხოლოდ 0,3%.
საკითხს გამოეხმაურნენ "ნაციონალურ მოძრაობაში". ოპონენტების საპასუხოდ, პარტიის დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა, იმ ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც სახელმწიფომ Eagle Hills-თან დადო.
"სინამდვილეში, არანაირი არაბული პროექტი არ არსებობს. კრწანისის ტყე-პარკი და გონიო ხდება ერთი კომპანიის საკუთრება და ჩვენ არ ვიცით, რა ვალდებულებებზეა ლაპარაკი.
გამჭვირვალე გახადონ ის ხელშეკრულებები, რომლებიც არის გაფორმებული", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.