18 სექტემბერი 2026,   07:27
ვრცლად
ოპოზიციის შიდა დაპირისპირება - ხაბეიშვილის კრიტიკა ციხიდან და ოპონენტების მწვავე პასუხები

ახალი გაზაფხულის მოლოდინში ჩარჩენილი ოპოზიცია, ლევან ხაბეიშვილისთვის პოლიტიკურ ველზე მოტივტივე, დამფრთხალ, შეშინებულ და ჩირგვებში დამალულ ძალად იქცა. რუსთავის ციხის საკნიდან მორალის კითხვის დროს, "ნაციონალების" მსჯავრდებულ ლიდერს, რომელსაც, როგორც ჩანს, არც ტელეეთერებში მოსაუბრე თავები გამორჩენია, არ დაუმალავს აგრესიაც კოლეგების მიმართ - ვინც, მისი მტკიცებით, აქტივობების დაგეგმვასაც ვერ ბედავს. მოწერილ წერილში ღიად ისიც თქვა, რომ ოპოზიცია მხოლოდ ლაყბობს და ახლა უკვე გაქრობის პირასაა.

მძიმე მოსასმენია თანაგუნდელის ციხის გაკვეთილი "ნაციონალებისთვის", სადაც ირწმუნებიან, რომ ხაბეიშვილის ბრალდებების ადრესატი ყველაა, მინუს სააკაშვილის პარტია. განსაკუთრებით კი ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც თავად სააკაშვილისა თუ მისი პარტიის ლიდერების ცილისწამებითაა დაკავებული.

ცილისწამებასა და ღალატში დადანაშაულებული გვარამია კი მკაფიოდ ამბობს, რომ ხაბეიშვილს ჭკუის დარიგების უფლებას არასდროს მისცემს. მეტიც, ახსენებს, რომ მას მხოლოდ საკუთარი პარტიის პოლიტიკური გადამზადება შეუძლია - ამიტომ მიმართვის მთავარ ადრესატად ისევ ნაციონალებს ასახელებს.

არადა, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა გვარამია და მასთან ერთად ჩერგოლეიშვილი მიიჩნია მსჯავრდებულის მწვავე კრიტიკის ობიექტად. უფრო კონკრეტულად კი იაგო ხვიჩიამ, რომლის სიტყვებიც ფედერალისტების ლიდერმა პოლიტიკური იერიშისთვის გამოიყენა თავის სოციალურ ქსელში. მმართველ გუნდში კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ოპოზიციამ უკვე ყველა რესურსი ამოწურა - ამაზე მეტყველებს მუდმივი დაპირისპირებაც მათ რიგებში.

სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებული ძალები რომ უკიდურესად დასუსტებულნი არიან, პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპონენტების თვითლიკვიდაციის პროცესი ხელს დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებას უწყობს.

ოპოზიციურ ველზე კი ურთიერთობის გაჯანსაღება წარმოუდგენლად ეჩვენებათ თავად ღია ომში ჩართულებსაც. ამაზე მეტყველებს შეურაცხმყოფელი განცხადებები, მძიმე ბრალდებები და უარი სატელევიზიო დებატებზე - სადაც განხილვის მთავარი თემა, კონსპირაციული გარიგების შედეგად მიღებული 40 მილიონით, "ნაციონალების" ჩამოშლის სქემა უნდა ყოფილიყო.

დღის ამბები