17 სექტემბერი 2026,   04:17
ვრცლად
ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის ითარგმნება პოლიტიკური ურთიერთობების შესაძლებლობებში - შალვა პაპუაშვილი თბილისში Trump Tower-ის მასშტაბური პროექტის დაწყებაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გადაცემა "ღამის კურიერში" იმ უპირატესობებზე და შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანა "ტრამპ თაუერის" აშენებით მიიღებს.

გარდა ეკონომიკური ბენეფისებისა, პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე.

"ეს არის 2-მილიარდიანი ინვესტიცია. ტრამპის ბრენდის შემოსვლა საქართველოში, რეგიონში, როგორც პროექტი, რომლის განხორციელებაც დაიწყო, არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვის, სადაც შედის ტრამპის ორგანიზაცია თავის სახელით, იქ სხვებიც მეტად დაცულად გრძნობენ თავს და ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტი აქვს.

მეორე მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის ითარგმნება პოლიტიკური ურთიერთობების შესაძლებლობებში.

სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციის ბრალია გაფუჭებული ურთიერთობა საქართველოსთან და ქართველ ხალხთან, რაც მოხდა 2024 წელს. რა მოიგო ამისგან წინა ადმინისტრაციამ - არაფერი. მაშინ, მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა. წინა ადმინისტრაციამ ბევრი რამ გააფუჭა, უპირველეს ყოვლისა, ამერიკისთვის, თავად ამერიკის პოზიციები შელახა, როდესაც საქართველოს, როგორც ამ რეგიონში ყველაზე ერთგულ პარტნიორს, იმის გამო შეუჩერა სტრატეგიული პარტნიორობა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ აირჩია ხალხმა და არ დააბრუნა ხელისუფლებაში.

ამის შემდეგ ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას ამ ურთიერთობებში, იქნება ეს უმაღლეს თუ სამუშაო დონეზე. გუშინ იყო ჯო უილსონის ყველაზე დიდი მხილება. ამერიკის მტერს ეძახის საქართველოსა და ქართველ ხალხს და გუშინ ვიხილეთ, თუ როგორი მტერი არის საქართველო - ამერიკის მტერ ქვეყანაში, ამერიკის პრეზიდენტის სახელი ბრენდად იყოს წარმოდგენილი ბიზნესპროექტში და მისი შვილი საუბრობდეს იმაზე, თუ რამხელა მეგობარი არის ამერიკისთვის საქართველო. ჯო უილსონის ყველაზე დიდი მხილება შედგა გუშინ. ჯო უილსონი კრებსითი სიტყვაა მათთვის, ვინც ცდილობს დეზინფორმაციით საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები