მიმდინარე კვირას "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სარჩელს, რომელიც რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, "გახარია საქართველოსთვის" დაემატება. სარჩელის პირობებში არ იქნება მოთხოვნილი სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა. საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარტიას აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი, ვერ გამოდის საბოტაჟის რეჟიმიდან და არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას.
"ვფიქრობ, რომ ეს, როგორც ლოგიკური მიდგომა, ალბათ, საზოგადოებრივი მოთხოვნაც არის, რადგან თუ განვიხილავთ ანტიკონსტიტუციურ პარტიებს, ალბათ, გახარიას პარტია, თავისი მოქმედებებით, იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყავი "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ, გეკეთებინა ისეთივე მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი საქმეები, თუმცა რაღაცნაირად შეგეფუთა ისე, რომ განსხვავებული იდეოლოგიის ხარ, მაგრამ მაინც ძალიან ნათელი იყო... დაწყებული საკრებულოებში "ნაცმოძრაობასთან" კოალიციების შექმნით, გაგრძელებული აქციებისა თუ ანტისახელმწიფოებრივი დემონსტრაციებში მონაწილეობით და განსაკუთრებით, იმ საკითხში მონაწილეობით, რომელიც უკავშირდება საქართველოს გაშავებას საერთაშორისო მასშტაბით," - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.