07 სექტემბერი 2026,   16:13
ვრცლად
სპორტის კომიტეტის წევრები 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს გაეცნენ

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა.

მომხსენებელმა ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებსა და საანგარიშო პერიოდის ფინანსურ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ინფორმაცია გააცნო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის დონის, საგარეო სავაჭრო სექტორისა და ფულადი გზავნილების თაობაზე. მან ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯვით ნაწილზე ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, საანგარიშო პერიოდში სპორტის სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტი 93.3%-ით აითვისა, რაც წლიური გეგმის 52%-ს წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სპორტულ ტურნირებზე ქართველი სპორტსმენების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა, დღის წესრიგში წლის ბოლომდე სპორტის სამინისტროს დაფინანსების გაზრდის საკითხი დაისვას.

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და ეს ტენდენცია გრძელდება. მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სპორტის კომიტეტი იმედს გამოთქვამს, რომ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას სპორტის სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება.

სპორტის კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ინფორმაცია დადებითად შეაფასეს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ცნობად მიიღეს.

დღის ამბები