27 ოქტომბერი 2026,   18:07
ვრცლად
ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც ამ კვირაში უნდა ყოფილიყო, გაუქმდა. ვიზიტის ფარგლებში, მას აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან მაღალი დონის მოლაპარაკებები უნდა გაემართა, - წერს Euronews-ი.

კომუნიკაციის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა, ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკული მხარის გეგმებში ცვლილებებია, რის გამოც კიევი ვიზიტის დადასტურებას ვეღარ ახერხებდა.

კვირას, უკრაინულ მედიასთან საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები 27 ან 28 ოქტომბერს იგეგმებოდა. შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ უკრაინის, აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს, ასევე ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს.

Euronews-ის კითხვაზე დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ევროკომისიამ განაცხადა, რომ კვლავ ჩართულები არიან დიპლომატიურ ძალისხმევაში, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"ევროკომისია აგრძელებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებებსა და ერთობლივ ძალისხმევაში მონაწილეობას, რათა უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს. ამ ეტაპზე სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს", - განუცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა Euronews-ს.

ბრიუსელში შეხვედრას წინ უძღოდა გასულ კვირას ოსლოში გამართული დიპლომატიური მოლაპარაკებების სერია. მათ შორის იყო მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფს შორის, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე.

დღის ამბები