ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გარემოსდაცვით ინიციატივას "ჩემი პირველი ნერგი" შეუერთდა.
ინიციატივის ფარგლებში, 33 საჯარო სკოლის 516-მა პირველკლასელმა სხვადასხვა ჯიშის ნერგი დარგო.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მოსწავლეებთან ერთად ხეების დარგვის პროცესს შეუერთდნენ: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი.
პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" საქართველოს პრემიერ მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით აქციაში 41 000 - ზე მეტი პირველკლასელი იღებს მონაწილეობას. პროექტში ჩართულები არიან:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები ქვეყნის მასშტაბით.
პროგრამის ფარგლებში, ნერგების დარგვა 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სულ 12 სახეობის ნერგი დაირგვება, რომლებიც რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა.