ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და მისი პარტიის დამარცხებას ევროპული ქვეყნებისა და ამერიკული Deep state-ის მხარდაჭერით მოწყობილ რევოლუციად აფასებს. წინასწარი შედეგების მიხედვით, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ოპოზიციურმა ძალამ - "სტუდენტურმა სიამ" გაიმარჯვა. ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ მარცხი აღიარა.
ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარება, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა და კოსოვოს დამოუკიდებლობის არაღიარება - ამ დაპირებებით მოიპოვა გამარჯვება "სტუდენტურმა სიამ."
მედიის ინფორმაციით, რეფერენდუმის ჩატარებას სერბეთის ახალი მმართველი პარტია უახლოეს მომავალში გეგმავს. კრემლთან ურთიერთობაზე კი მოძრაობის ლიდერმა ექსკლუზიური ინტერვიუ უკვე მისცა რუსული მედიის სერბეთის ბიუროს და თქვა, რომ მოსკოვს პატივს სცემს, მას სანქციებს არ დაუწესებს და პარტნიორობას გააგრძელებს.
ქართული ოპოზიცია სერბეთში ოპოზიციური პარტიის გამარჯვებასთან პარალელს ავლებს, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე ხელისუფლების ოპონენტებს ილუზიიდან გამოსვლას კიდევ ერთხელ ურჩევს და ამბობს, რომ ქართველი ოპოზიციონერები სერბეთშიც კი დამარცხდებოდნენ.
"სტუდენტური სიის" გაცხადებული მიზნებისა და პოლიტიკის მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ სერბეთის ახალი მმართველი პარტია მეგობრულ ურთიერთობას არა რუსეთთან, არამედ ბრიუსელთან დაამყარებს. მეორე ნაწილი კი, პრობლემას ვერც რუსეთთან ურთიერთობაში ხედავს.
მმართველი გუნდისთვის ქართული ოპოზიციის მცდელობა, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს სერბეთში გამარჯვებული პარტია მათი მოკავშირეა, უშედეგოა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან და სერბეთში გამარჯვებულ პარტიასთან კავშირი არ აქვთ.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ამ დროის წინასწარი შედეგებით, "სტუდენტური სია" 52.65%-ით ლიდერობს, მოქმედი პრეზიდენტის პარტიამ კი ხმების 39.22% მიიღო.