ძალოვნებზე და მოხელეებზე თავდასხმა, შეურაცხყოფა, ჯგუფური ძალადობის და ძარცვის ორგანიზება - ამ ბრალდებებით საფრანგეთის საპატიმროებში კიდევ 1 435 ადამიანი მოხვდა. შეიზღუდა და აიკრძალა აქციების გამართვა ქალაქების ცენტრალურ უბნებში; ქუჩებში მიმდინარეობს მოქალაქეების ჩხრეკა და აკრძალული საშუალებების: აალებადი ნივთიერებების, იარაღის და პიროტექნიკის კონფისკაცია.
გასულ კვირას აქციების დასაშლელად საფრანგეთის ხელისუფლებამ პოლიციის, ჟანდარმერიის და სპეცრაზმის მობილიზება განახორციელა, საჯარო ობიექტების დაცვა კი სამხედროებს დაევალათ. ვანდალიზმის თავიდან ასაცილებლად ძალოვნებმა პროტესტი ცრემლსადენი აირით, წყლის ჭავლით, ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და ხმოვან-მანათობელი ყუმბარებით დაშალეს. ასობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
პოლიციელებზე თავდასხმა, პიროტექნიკის და "მოლოტოვის კოქტეილების" სროლა, ქონების დაზიანება - ალბანეთში, პროტესტის ცამეტი დღის განმავლობაში, ამ ბრალდებებით 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ქუჩებში მომხდარი შეტაკებების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ახალი შემზღუდავი ზომები დააანონსა: არეულობაში მონაწილეობა 6 000 დოლარით დაჯარიმდება, ხოლო სოციალურ ქსელებში ძალადობისკენ მოწოდებებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.
ანტისამთავრობო პროტესტი გრძელდება იტალიაშიც. მილანის, ბოლონიის, ტურინისა და ფლორენციის ქუჩებში და მოედნებზე ათასობით ადამიანი გამოდის. პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ აირსა და წყლის ჭავლს იყენებს, რომში აქციის მონაწილეთა ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა შეძლო და კოლიზეუმში შეიჭრა.
განათლების დაფინანსების გაზრდა, ინფლაციისა და ფასების ზრდის შეჩერება, კორუფციის აღმოფხვრა და სოციალური პირობების გაუმჯობესება - მსგავსი მოთხოვნებით მოქალაქეები ესპანეთში, პორტუგალიაში, ბელგიასა და საბერძნეთშიც გამოდიან. აქციებს მოსწავლეები, სტუდენტები, პროფკავშირები, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უერთდებიან.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე