საფრანგეთში პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება, თუმცა უსაფრთხოების უმთავრესი გამოწვევა ევროპის კონტინენტს აღმოსავლეთით აქვს - რუსეთ-უკრაინის ომი. სამხედრო დაპირისპირების პარალელურად, სულ უფრო იზრდება სამშვიდობო შეთანხმების პოლიტიკური ფასი.
დონალდ ტრამპი ომის დასრულების გზებს ეძებს, ვლადიმერ პუტინი კვლავ ტერიტორიულ დათმობებს მოითხოვს, ვოლოდიმირ ზელენსკი კი რთული არჩევანის წინაშე დგას - სად მთავრდება კომპრომისი და იწყება კაპიტულაცია?
იცვლება დიპლომატიის კონფიგურაციაც - აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შესაძლო სამმხრივ შეხვედრაზე ბირთვული განიარაღების და ახალი ეკონომიკური გარიგებების საკითხების განხილვა იგეგმება - მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში გლობალური ინტერესებია. ნოემბერში აბუ-დაბი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის ემზადება - შეხვედრას უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები გეგმავენ.
შეძლებს თუ არა დიპლომატია იმას, რაც ბრძოლის ველზე ამ დრომდე ვერ მოხერხდა და გახდება თუ არა დიდი სახელმწიფოების ინტერესთა თანხვედრა უკრაინისთვის მტკივნეული დათმობების წინაპირობა.
ავტორი: ნათია ჩეხერია