თეატრი, რომელიც თავისი დრამატული წარსულით და მდიდარი ისტორიით ყველაზე ძველი სათეატრო კერაა კავკასიაში და რომლის ისტორიაც ერეკლე მეორის ეპოქიდან იწყება, ახალი ეტაპისთვის ემზადება.
თელავის თეატრის ისტორიული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. მთავრობის ინიციატივით, თეატრში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, რომლის მიზანი არქიტექტურული ავთენტურობის შენარჩუნება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრალური სივრცის შექმნაა.
კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ისტორიული ძეგლების აღდგენა და სახელოვნებო სივრცეების განვითარება - კულტურის მინისტრი არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და თეატრის თანამშრომლებთან დაგეგმილი სამუშაოები განიხილა.
ვიზიტის ფარგლებში, კულტურის მინისტრი ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის სამუსიკო სასწავლებელს და მუზეუმს ეწვია. სასწავლებელში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილი უკვე განხორციელდა და ფუნქციონირებისთვის საჭირო მუსიკალური ინსტრუმენტების გარკვეული რაოდენობაც შეძენილია, თუმცა არსებობს გამოწვევები, რომელთა მოგვარებაც სასწავლებლის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.
სტიქიის შედეგად დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა ალავერდში გრძელდება. 2024 წლის 25 ივნისს მომხდარმა სტიქიამ სამონასტრო კომპლექსს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ადგილობრივ ეპარქიასთან თანამშრომლობით, გადაუდებელი სამუშაოები დაიწყო. ამ დროისთვის სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია. ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კარიბჭე-სამრეკლოს და სამრეკლოს გუმბათზე აღიმართა ახლად ჩამოსხმული თითბრის ჯვარი.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი