27 ოქტომბერი 2026,   01:50
ვრცლად
ჩაატარეთ ალტერნატიული არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში და "გაუპრავეთ" არჩევნები სეპარატისტებს. კოდორის ხეობას დაარქვით ზემო აფხაზეთი, რომ ტყვიის გარეშე გადაგებარებინათ ოკუპანტისთვის. ეს არის ღალატი და რუსული საქმე - ლევან მაჭავარიანი დავით დარჩიაშვილს

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში "დებატები" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ რეზოლუციასა და მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

მაჭავარიანის შეფასებით, იმჟამინდელი ხელისუფლების ქმედებები წარსულშიც და დღესაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

მაჭავარიანმა პოლიტოლოგ დავით დარჩიაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, რა სასარგებლო მუხლი უნდა ყოფილიყო რეზოლუციაში, რომელიც გადაწონიდა საკუთარი ქვეყნისთვის და სამხედროებისთვის ომის დაწყებისა და დანაშაულების დაბრალებას.

"რატომ მოაწერეთ ხელი რეზოლუციას, სადაც არის ასეთი ჩანაწერი, სადაც აბრალებთ ჩვენს ქვეყანას ომის დაწყებას, ჩვენს სამხედროებს ომის დანაშაულების ჩადენას და, სადაც ამბობთ, რომ რუსეთის მხრიდან იყო საპასუხო რეაქცია? რა სასარგებლო მუხლი უნდა იყოს, რომელიც გადაწონის ჩვენი სამხედროებისთვის ომის დანაშაულების დაბრალებას? - ბატონმა ზელენსკიმ რომ მოაწეროს ხელი რეზოლუციას, სადაც შეიძლება რუსეთზე საშინელებები ჩაუწერო, მაგრამ ხელი მოაწეროს იმ მუხლს, რომელიც ითვალისწინებს, რომ 23 თებერვალს ბატონი ზელენსკის ქმედებებმა გამოიწვია რუსეთის აგრესია, ამას როგორ შეაფასებთ? - ეს არის ღალატი, პირდაპირ გეუბნებით.

ამას წინ რა უძღოდა იცით? - 2006 წელი იყო თუ არ ვცდები, როდესაც ჩაატარეთ პარალელური ალტერნატიული არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში და სადაც "გაუპრავეთ" სეპარატისტული არჩევნები სეპარატისტებს. ამას იცით რა მოჰყვა? 2007 წელს, ომამდე ერთი წლით ადრე, თქვენ აღადგინეთ ზვიად გამსახურდიას დროს გაუქმებული საზღვრები, აღადგინეთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქი, ეს ხომ თქვენი გაკეთებულია. თქვენ ამის შემდეგ იცით რა გააკეთეთ? ახალგორი შეიყვანეთ ამ საზღვრებში, კოდორის ხეობას გადაარქვით სახელი და დაარქვით ზემო აფხაზეთი, რომ ტყვიის გასროლის გარეშე გადაგებარებინათ ოკუპანტისთვის. ამ საფუძვლის შექმნა დაიწყო. ძალიან ბევრი შეკითხვა არის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი რუსული საქმეა. რუსული საქმე იცით რა იყო? როდესაც ომამდე თქვენ ყველაზე გამოცდილი სამხედროები სახლში გაუშვათ, როდესაც ეკა კვესიტაძის ქმარი ომის მსვლელობის დროს პირდაპირ სტრატეგიულ განლაგებებს ოკუპანტს კარნახობდა, აი ეგ იყო რუსული საქმე. იცით რა იყო რუსული საქმე? როდესაც ამ რეზოლუციას ხელი მოაწერეთ, როდესაც ტალიავინის დასკვნას დაეთანხმეთ, სადაც აღიარებთ, რომ თურმე ჩვენ შევქმენით სამართლებრივი საფუძველი, რომ რუსეთს სამხედრო აგრესია განეხორციელებინა", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები