ისტორია მხოლოდ მომხდარ ამბებს არ ინახავს. ზოგჯერ ის იმ ადამიანების სურვილებსაც ასახავს, ვისაც წარსულის საკუთარი ვერსიის მოყოლა სურდა.
ისტორიის წიგნები ფაქტების ერთობლიობაა თუ გამარჯვებულთა დღიური? - სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით ამ სტატიაში.
რომი: ადგილი, სადაც ისტორია ძალაუფლების იარაღად იქცა
რომში ისტორიის გადაწერა ხშირად სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი იყო. მმართველები ამ ხერხს ძალაუფლების გასამყარებლად იყენებდნენ, ამაში კი, მათ მემატიანეები ეხმარებოდნენ.
ძველ რომში გამარჯვებულები მხოლოდ ტერიტორიებს კი არ იპყრობდნენ, წარსულსაც ითვისებდნენ. მათ კარგად ესმოდათ, რომ ძალაუფლება ხმლით ერთხელ მოიპოვება, ქრონიკებით კი საუკუნეების განმავლობაში ნარჩუნდება.
სწორედ ამ პოლიტიკური "პიარის" ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსხვერპლი გახდა ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა VII. ძველ ისტორიულ წიგნებში ის ხშირად წარმოდგენილია, როგორც ეგზოტიკური, მაცდური ქალი, რომელმაც ძალაუფლება მხოლოდ კაცების, რომაელი გენერლების - იულიუს კეისრისა და მარკუს ანტონიუსის საძინებლების გავლით მოიპოვა.
ეს პორტრეტი რეალური არ არის. რომაელი მმართველები პროპაგანდის დიდოსტატები იყვნენ. ერთ-ერთი საუკეთესო პროპაგანდისტი კი კლეოპატრას პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ოქტავიანე ავგუსტუსი იყო.
კლეოპატრა: როგორ შექმნა პროპაგანდამ "აღმოსავლეთის ჯადოქარი"
ძვ. წ. I საუკუნეში, როდესაც მარკუს ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა, ოქტავიანეს სჭირდებოდა მოწინააღმდეგის დისკრედიტაცია. სამოქალაქო ომი რომის მოქალაქის წინააღმდეგ არაპოპულარული ნაბიჯი იყო, ამიტომ, ოქტავიანემ აქცენტი კლეოპატრაზე გადაიტანა. მან წამოიწყო მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, სადაც ანტონიუსი წარმოაჩინა, როგორც უნებისყოფო კაცი, რომელიც "აღმოსავლელმა ჯადოქარმა" და მაცდურმა ქალმა დააბრმავა, ჭკუიდან შეშალა და რომაული ღირებულებები დაავიწყა.
კლეოპატრას დემონიზებით, ოქტავიანემ ეს კონფლიქტი არა შიდაპოლიტიკურ ბრძოლად, არამედ რომის წმინდა ომად აქცია.
დამარცხებული ანტონიუსი სუსტი და ცდუნებული ლიდერის სახით ჩაეწერა ისტორიაში, ხოლო კლეოპატრა, ძლიერი მონარქის ნაცვლად, მზაკვარ მაცდურად ქალად იქცა.
ვინ იყო სინამდვილეში კლეოპატრა?
ანტიკური ხანის ისტორიკოსი პლუტარქე, რომელიც არ ყოფილა კლეოპატრას მეხოტბე, წერს, რომ დედოფლის სილამაზე სულაც არ იყო გასაოცარი. მისი ნამდვილი ძალა და დამატყვევებელი ხიბლი ინტელექტში, ორატორულ ნიჭსა და განათლებაში იმალებოდა. კლეოპატრა იყო თავისი დინასტიის (პტოლემეების) ერთადერთი მმართველი, რომელმაც ეგვიპტური ენა ისწავლა, რათა საკუთარ ხალხს პირდაპირ დალაპარაკებოდა. გარდა ამისა, იგი თავისუფლად ფლობდა მრავალ ენას, ერკვეოდა მათემატიკაში, ფილოსოფიასა და საერთაშორისო პოლიტიკაში.
კეისართან და ანტონიუსთან მისი კავშირები არა ბრმა ვნების, არამედ უმაღლესი დონის გეოპოლიტიკური გათვლების შედეგი იყო.
კლეოპატრა მართავდა მდიდარ, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით დასუსტებულ ეგვიპტეს, რომელსაც რომის იმპერიული ამბიციები ემუქრებოდა. ერთადერთი გზა, რითაც მას საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტახტის შენარჩუნება შეეძლო, რომის უძლიერეს მამაკაცებთან ალიანსი იყო.
ოქტავიანეს გამარჯვების შემდეგ კი, რომაელმა მწერლებმა, პოეტებმა თუ ისტორიკოსებმა, გამარჯვებულის დაკვეთით შექმნეს მითი "მაცდურ ქალზე", რადგან ძლიერი, დამოუკიდებელი და ინტელექტუალი ქალი მმართველი ძველი რომის პატრიარქალური მენტალიტეტისთვის მიუღებელი და საშიში ფენომენი იყო.
დღეს კლეოპატრას ისტორია ხშირად მოჰყავთ იმის მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გამარჯვებულის მიერ შექმნილმა ნარატივმა საუკუნეებს გაუძლოს.
ეს ამბავი გვახსენებს, რომ ისტორია მხოლოდ ფაქტების კრებული არ არის. ის ხშირად იმაზეც გვიყვება, თუ ვის ჰქონდა რეალური ძალაუფლება, ისტორია გადაეწერა.
მარი ანტუანეტა: "დაე, ჭამონ ნამცხვარი"
ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მითიც საფრანგეთის დედოფალს ეხება. გავრცელებული მითის მიხედვით კი, როდესაც მარი ანტუანეტამ გაიგო, რომ ხალხს პური არ ჰქონდა, თქვა: "თუ პური არ აქვთ, ბრიოში ჭამონ".
თუმცა ისტორიული მტკიცებულება, რომ ეს სიტყვები დედოფალს ეკუთვნის, არ არსებობს. მსგავსი ფრაზა ჯერ კიდევ მანამდე გვხვდება ჟან-ჟაკ რუსოს ავტობიოგრაფიულ ნაშრომში "აღსარება" (Les Confessions), რომელიც მარი ანტუანეტის საფრანგეთის დედოფლობამდე დაიწერა. რუსო ამ სიტყვებს უბრალოდ "ერთ დიდებულ პრინცესას" მიაწერს, მისი ვინაობის დასახელების გარეშე.
მოგვიანებით, საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში, ეს ფრაზა მარი ანტუანეტს მიაწერეს, რადგან იდეალურად ერგებოდა იმ ნარატივს, რომელიც მას გულგრილ, ფუფუნებაში მცხოვრებ და უგულო დედოფლად წარმოაჩენდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვების თქმის დამადასტურებელი ისტორიული წყარო არ არსებობს, მითი იმდენად გამყარდა, რომ დღესაც ბევრისთვის ისტორიულ ფაქტად მიიჩნევა.
ნაპოლეონი დაბალი იყო - ესეც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული მითია.
სინამდვილეში ნაპოლეონი თავისი ეპოქის მამაკაცებთან შედარებით დაბალი არ ყოფილა. მისი სიმაღლე, დაახლოებით, 168-170 სანტიმეტრი იყო, რაც XIX საუკუნის დასაწყისის ფრანგი მამაკაცისთვის საშუალო მაჩვენებლად ითვლებოდა.
მითის გავრცელებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, თუმცა მთავარი, ბრიტანული პროპაგანდა იყო. საფრანგეთთან ომების პერიოდში ბრიტანელი კარიკატურისტები ნაპოლეონს ხშირად ძალიან დაბალ და სასაცილო ფიგურად გამოსახავდნენ იმისთვის, რომ მისი ავტორიტეტი შეელახათ და მეტოქე სასაცილოდ წარმოეჩინათ.
ისევე, როგორც ოქტავიანე ავგუსტუსმა შექმნა კლეოპატრას ყალბი პორტრეტი, ბრიტანულმა პრესამ ნაპოლეონის დემონიზება და გაშარჟება დაისახა მიზნად.
ცნობილმა ბრიტანელმა კარიკატურისტმა, ჯეიმზ გილრეიმ, შექმნა პერსონაჟი "პატარა ბონი" (Little Boney) - გაბრაზებული, კომიკურად პატარა კაცი უზარმაზარ სამხედრო ქუდში, რომელიც მუდამ ბრაზობს და მსოფლიოს დაპყრობას ცდილობს. ამ პროპაგანდამ იმდენად კარგად იმუშავა, რომ საუკუნეების შემდეგაც კი ხალხს ნაპოლეონი დაბალი ჰგონია.
"დაბალი ნაპოლეონის" ისტორია კარგად აჩვენებს, როგორ შეიძლება პოლიტიკური პროპაგანდა და კარიკატურა დროთა განმავლობაში ისტორიულ "ფაქტად" იქცეს.
ასე რომ, ფსიქოლოგიური ტერმინი "ნაპოლეონის კომპლექსი" (როდესაც დაბალი კაცები აგრესიული ქცევით ცდილობენ სიმაღლის კომპენსირებას), ისტორიულ პარადოქსზეა დაფუძნებული.
ბრტყელი დედამიწის მითი და კოლუმბი
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია, თითქოს შუა საუკუნეებში ადამიანებს დედამიწა ბრტყელი ეგონათ, ხოლო ქრისტეფორე კოლუმბმა დაამტკიცა, რომ ის მრგვალია.
ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში - ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში (პითაგორა, არისტოტელე) - მეცნიერებმა იცოდნენ, რომ დედამიწა მრგვალია. ხოლო ძვ.წ. III საუკუნეში ერატოსთენემ არა მხოლოდ სფერულობა დაამტკიცა, არამედ დედამიწის გარშემოწერილობა სიზუსტით გამოითვალა.
შუა საუკუნეების ევროპაში განათლებულ საზოგადოებას, საეკლესიო მოღვაწეებსა და ზღვაოსნებს ეჭვი არ ეპარებოდათ დედამიწის სიმრგვალეში.
ესპანეთის სამეფო კარის მეცნიერები, კოლუმბის ექსპედიციას იმის გამო კი არ ეწინააღმდეგებოდნენ, რომ დედამიწის კიდიდან გადავარდნის ეშინოდათ. არამედ იმიტომ, რომ დედამიწის ზომა გაცილებით ზუსტად ჰქონდათ გამოთვლილი, ვიდრე თავად კოლუმბს. კოლუმბი შეცდომით მიიჩნევდა, რომ დედამიწა გაცილებით პატარა იყო და აზია ევროპასთან ბევრად უფრო ახლოს მდებარეობდა. სწორედ ამიტომ, ესპანელი მრჩევლები აფრთხილებდნენ, რომ დასავლეთის გზით აზიამდე მანძილი იმდენად დიდი იყო, ექსპედიციას საკვები და მარაგი არ ეყოფოდა.
საბოლოოდ, კოლუმბის ექსპედიცია გადარჩა არა იმიტომ, რომ მისი გათვლები სწორი აღმოჩნდა, არამედ იმიტომ, რომ ევროპელებისთვის უცნობ კონტინენტს, ამერიკას, გადააწყდა. სწორედ ამან გადაარჩინა მისი მოგზაურობა წარუმატებლობისგან და შეცვალა მსოფლიო ისტორია.
საიდან გაჩნდა ეს მითი?
ეს ყალბი ნარატივი XIX საუკუნეში შეიქმნა. 1828 წელს ამერიკელმა მწერალმა ვაშინგტონ ირვინგმა დაწერა კოლუმბის რომანტიზებული ბიოგრაფია, სადაც ფაქტები მხატვრული ფანტაზიით ჩაანაცვლა.
იმავე პერიოდში, XIX საუკუნის ინტელექტუალურ წრეებში პოპულარული გახდა რელიგიისა და მეცნიერების დაპირისპირების თემა. მწერლებმა და ისტორიკოსებმა შუა საუკუნეები განზრახ დახატეს აბსოლუტურ სიბნელეში, ხოლო კოლუმბი წარმოაჩინეს როგორც პროგრესული გმირი იმის საჩვენებლად, რომ ეკლესია მუდამ ებრძოდა მეცნიერებას.
ნერონი რომის ხანძრის ფონზე უკრავდა
ამბავი, რომელსაც ხშირად ვხვდებით კინოსა და ლიტერატურაში, ასეთია: 64 წელს, როდესაც რომში საშინელი ხანძარი მძვინვარებდა, გიჟი და სასტიკი იმპერატორი ნერონი სასახლის აივანზე იდგა, თეატრალურ სამოსში გამოწყობილი უკრავდა ლირაზე და ტროას დაცემის შესახებ მღეროდა, რადგან ქალაქის ნგრევა შთაგონებას ჰგვრიდა - მითია. უფრო სწორად კი, გამიზნულად შექმნილი სიცრუე.
როდესაც რომში ხანძარი გაჩნდა, ნერონი დედაქალაქიდან დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით, თავის მშობლიურ საზაფხულო რეზიდენციაში, ანციუმში (დღევანდელი ანციო) იმყოფებოდა. ხანძრის ამბავი რომ შეიტყო, იგი სასწრაფოდ დაბრუნდა რომში და საკუთარი სახსრებითა და რესურსებით სამაშველო ოპერაცია წამოიწყო.
მითის საპირისპიროდ, ნერონმა გახსნა თავისი პირადი ბაღები და სასახლეები უსახლკაროდ დარჩენილი რომაელებისთვის, რათა მათ თავშესაფარი ჰქონოდათ. მან დროებითი ნაგებობები ააშენებინა დაზარალებულებისთვის და პროვინციებიდან საკვების მასშტაბური შემოზიდვა მოაწყო, რათა შიმშილობა თავიდან აეცილებინა.
საიდან გაჩნდა მითი მუსიკოს იმპერატორზე?
ამ ყალბი ნარატივის უკან რომის ელიტა დგას. ნერონს სძულდა სენატორები, ისინი კი ნერონს მიიჩნევდნენ პოპულისტად, რომელიც უბრალო ხალხის (პლებეების) გულის მოგებას ცდილობდა. ნერონის გარდაცვალების შემდეგ ისტორია სწორედ მისმა მტრებმა - სენატორმა მწერლებმა, მაგალითად ტაციტუსმა და სვეტონიუსმა დაწერეს. ტაციტუსი თავადვე აღნიშნავს თავის ქრონიკებში, რომ ამბავი ნერონის სიმღერაზე მხოლოდ ჭორი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ჭორი "ფაქტად" იქცა.
"ისტორიას გამარჯვებულები წერენ"
ეს ფრაზა ყველას სმენია, თუმცა მისი მასშტაბები მხოლოდ მაშინ ხდება გასაგები, როცა საუკუნოვანი მითების მიღმა რეალურ მტკიცებულებებს აღმოაჩენ. კლეოპატრადან ნაპოლეონამდე, მარი ანტუანეტიდან კოლუმბამდე, ისტორია არაერთ მაგალითს გვთავაზობს იმისა, თუ როგორ შეიძლება პროპაგანდამ, პოლიტიკურმა ინტერესებმა მცდარი წარმოდგენა ისტორიულ "ფაქტად" აქციოს.
სწორედ ამიტომ, ისტორიის შესწავლისას ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა არა მხოლოდ "რა მოხდა", არამედ - "ვინ მოგვიყვა ეს ამბავი", "როდის" და "რატომ".
ავტორი: ნათია ჩეხერია