14 ივლისი 2026,   01:10
ვრცლად
"მტრული და სამარცხვინო რიტორიკა" - მმართველი გუნდის პასუხი კაია კალასის განცხადებაზე

პასუხი, არაპროვოცირებულ თავდასხმაზე, მენტორულ ტონსა და მტრულ რიტორიკაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, თბილისიდან, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში უკვე მიიღო. კაია კალასი, დემოკრატიის უგულებელყოფაში, ქვეყნისა და ქართველი ხალხის სუვერენიტეტის უპატივცემულობაში, საქართველოს პირველმა კანონმდებელმა ჯერ სოციალური ქსელით, შემდეგ კი მედიასთან დაადანაშაულა. ესტონეთის ყოფილი პრემიერისა და ამჟამად ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი ბიუროკრატის განცხადება, რომლითაც კაია კალასმა ქართველი ხალხი და ამავე ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნა, "ქართული ოცნებისთვის" მტრული და სამარცხვინოა.

თბილისისთვის სამარცხვინო განცხადება, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. საუბარია სხდომაზე, სადაც პირველ დიპლომატებს შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგია უნდა განეხილათ, თუმცა უმაღლეს წარმომადგენელს არც დარბაზში და არც გარეთ, ერთი სიტყვაც არ უთქვამს მთავარ დამაკავშირებელ საქართველოზე და მის როლზე შავი ზღვის რეგიონში, სამაგიეროდ ნეგატიურად ისაუბრა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, რის გამოც კაია კალასმა მწვავე პასუხი და მკაფიო მითითება, ბრიუსელშივე მიიღო.

გამოსავალი დიალოგშია, ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზე არჩეულ ხელისუფლებასთან. თუმცა იმის მიუხედავად, რომ საქართველო ევროკავშირთან პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის მუდმივად მზადაა, შემხვედრი ნაბიჯი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს არასდროს გადაუდგამს. ეს ოფიციალური თბილისისთვის სამწუხაროა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კაია კალასი მათივე გადაწყვეტილებით გაყინული პოლიტიკური დიალოგის მომხრეა და უფრო მეტიც, არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ქვეყნის ტერიტორიის 100 პროცენტზე.

ოპოზიციისთვის, პოლიტიკურად ხელსაყრელი საქართველოს ხელისუფლების მუდმივი კრიტიკაა, სწორედ ამიტომ არის ნებისმიერი ევროპელი ბიუროკრატის, დღეს კი კაია კალასის განცხადება მათთვის განსაკუთრებულად მოსაწონი.

მოულოდნელი არც მმართველი ძალისთვის ყოფილა, ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის განცხადება. კაია კალასის, რომელიც ხელისუფლებაზე თავდასხმების პარალელურად, მუდმივად მხარს უჭერდა ოპოზიციას და მათ რევოლუციურ-რადიკალურ გეგმებს. ეს კი "ქართული ოცნების" შეფასებით, სრულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან.

საქართველოს საკითხი და შავი ზღვის სტრატეგია ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში, საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს მონაწილეობის გარეშე განიხილეს.

დღის ამბები