ქვეყნის სულიერ, კულტურულ და ისტორიულ ცენტრში საზეიმო წირვისთვის მზადება დილიდან დაიწყო. მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა ხსენების დღეს და სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
სადღესასწაულო წირვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. შიო მესამემ საპატრიარქო პატივით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება პირველად აღასრულა. წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა, მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და მოციქულთა კრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ქრისტეს 12 მოციქულის სახელზეა აგებული, რის გამოც 13 ივლისის დღესასწაული სვეტიცხოვლობადაც იწოდება. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა - ლოცვა აღევლინება.
ტრადიციულად, ამ დღეს სვეტიცხოველში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, ადგილობრივ მრევლს, ყოველწლიურად, სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილი მომლოცველები უერთდებიან.
სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი, ქრისტეს ყველა მოციქულს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.