02 ივლისი 2026,   13:44
ვრცლად
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მძიმე ინსტიტუციურ კრიზისშია, რაც სტრუქტურულმა ხარვეზებმა, პერსონალის დაქვეითებულმა მოტივაციამ და უმაღლეს ხელმძღვანელობას შორის გავლენების სფეროებისთვის ბრძოლამ გამოიწვია - Politico

"ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მძიმე ინსტიტუციურ კრიზისშია, რაც სტრუქტურულმა ხარვეზებმა, პერსონალის დაქვეითებულმა მოტივაციამ და უმაღლეს ხელმძღვანელობას შორის გავლენების სფეროებისთვის ბრძოლამ გამოიწვია. აღნიშნული პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროპული საგარეო პოლიტიკის ეფექტურობას", - წერს Politico.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის მთავარი დიპლომატიური ინსტიტუტის პრობლემები მისივე დაფუძნების ისტორიიდან იღებს სათავეს, როდესაც, სრულფასოვანი საგარეო უწყების შექმნის ნაცვლად, წევრმა სახელმწიფოებმა ეროვნული სუვერენიტეტის შენარჩუნების მიზნით, კომპრომისული და შეზღუდული ძალაუფლების მქონე ორგანო ჩამოაყალიბეს.

სამსახურის ამჟამინდელ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, გამოცემა აღნიშნავს, რომ უწყებაში არსებული მმართველობითი კრიზისი უკვე წლებია გრძელდება და ამჟამად ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის ინსტიტუციური დაპირისპირებით ვლინდება.

სტატიაში წერია, რომ, შიდადაპირისპირებებისა და არასათანადო მენეჯმენტის ფონზე, საგარეო ქმედებათა სამსახურის კადრები მძიმე სამუშაო პირობებს უჩივიან. პოლიტიკოს წყაროს ცნობით, პერსონალის დაახლოებით 8 პროცენტი სტრესის გამო შვებულებაში იმყოფება, დანიშვნების პროცესში ფავორიტიზმი იკვეთება, ხოლო გამოცდილი ევროპელი დიპლომატებისთვის უწყებაში მუშაობა კარიერული თვალსაზრისით მიმზიდველი აღარ არის. გარდა ამისა, სტატიაში ხაზგასმულია ბიუჯეტური დეფიციტისა და სტრატეგიული ხედვის ნაკლებობის საკითხი, რის გამოც ევროპული დიპლომატია გლობალური გამოწვევების ფონზე პარტნიორებთან კონკრეტულ ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას ვერ ატარებს და მხოლოდ ზოგადი, ღირებულებებზე ორიენტირებული განცხადებებით შემოიფარგლება. ექსპერტთა შეფასებით, კრიზისის დასაძლევად აუცილებელია ორგანოს ფუნდამენტური რეფორმირება, შესაძლოა მისი ევროკომისიასთან სრული შერწყმაც კი, რასაც ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ლიდერის ერთსულოვანი გადაწყვეტილება დასჭირდება.

„ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს“ - იყო თუ არა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური თავიდანვე წარუმატებლობისთვის განწირული?

წარსულისა და აწმყოს გამოწვევებმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური ბლოკის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ ინსტიტუტად აქცია.

ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის დღევანდელ პრობლემებს საფუძველი თითქმის ორი ათწლეულის წინ ჩაეყარა.

დღეს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები EEAS-ს აღწერენ, როგორც ინსტიტუტს, რომელსაც შიდა დაძაბულობა, თანამშრომელთა მორალის დაქვეითება, მისი ეფექტიანობის მიმართ მზარდი კრიტიკა და კაია კალასსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის უფლებამოსილებებისა და გავლენის სფეროების გამო მიმდინარე დაპირისპირება ახასიათებს.
თუმცა, ეს პრობლემები დღევანდელი ხელმძღვანელობის პირობებში არ დაწყებულა. კამათი მისი სტრუქტურისა და მართვის მოდელის შესახებ თავად ამ უწყების შექმნამდე დაიწყო.

„თუ კალასს, ფონ დერ ლაიენსა და სხვებს გვერდზე გადავდებთ, რეალურად იმ მდგომარეობაში ვართ, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ - „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს“, - განაცხადა ნატალი ტოჩიმ, კაია კალასის წინამორბედების - ფედერიკა მოგერინისა და ჟოზეფ ბორელის - ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა, რომელიც ამჟამად ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების უმაღლესი კვლევების სკოლის (SAIS) პროფესორია. ამ სიტყვებით მან „აპოლო 13“-ის მისიის დროს მომხდარ სისტემურ კატასტროფულ გაუმართაობაზე მიანიშნა.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) შექმნაში მონაწილე ან მასში წლების განმავლობაში მომუშავე მრავალი ადამიანი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობა იმ წინააღმდეგობის შედეგია, რომელიც თავად ამ ინსტიტუტის შექმნის საფუძველში იყო ჩადებული.

16 წლის წინ ევროკავშირისთვის საგარეო პოლიტიკაში უფრო ძლიერი და თანმიმდევრული ხმის მისაცემად შექმნილი სამსახური კომპრომისის შედეგად დაიბადა: მთავრობებს სურდათ, რომ ევროპას საზღვარგარეთ უფრო მტკიცედ ესაუბრა, მაგრამ არ იყვნენ მზად საგარეო პოლიტიკაზე საკმარისი კონტროლის დასათმობად, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი საგარეო საქმეთა სამინისტრო შექმნილიყო. შედეგად მივიღეთ დიპლომატიური სამსახური ფართო მოლოდინებით, მაგრამ შეზღუდული ავტორიტეტით, რომელიც მოქცეულია კონკურენტ ინსტიტუტებსა და დაპირისპირებულ ეროვნულ ინტერესებს შორის.

ევროკავშირის დიპლომატიის მიმართ მოთხოვნების ზრდასთან ერთად, გაიზარდა ამ თავდაპირველი კომპრომისის შედეგებიც.

„არ არის აუცილებელი უნივერსიტეტის პროფესორი იყო იმის დასანახად, რომ ევროპული საგარეო პოლიტიკა სერიოზულ პრობლემებს განიცდის და ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს,“ - განაცხადა მაასტრიხტის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პროფესორმა ჰილკე დიიკსტრამ. - „ბრიუსელში შექმნილი ინსტიტუციური მოდელი ოპტიმალური არ არის.“

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული პოლიტიკური კომპრომისის შედეგად შეიქმნა. ხელშეკრულება ძალაში 2009 წლის დეკემბერში შევიდა და სწორედ მან ჩამოაყალიბა ევროკავშირი იმ სახით, როგორსაც დღეს ვიცნობთ.

შემდეგ, 2010 წელს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, EEAS ოფიციალურად დაფუძნდა.

ამ შეთანხმებებმა გააძლიერა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში - პოსტი, რომელსაც დღეს კაია კალასი იკავებს - და მის მხარდასაჭერად დიპლომატიური სამსახური შექმნა.
თუმცა EEAS არც ტრადიციული ევროკავშირის ინსტიტუტია და არც კლასიკური საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ჯერ კიდევ მაშინ სრულიად ნათელი იყო, რომ ამ სისტემას სერიოზული სტრუქტურული და სისტემური პრობლემები ჰქონდა,“ - განაცხადა EEAS-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც სამსახურს მისი შექმნისთანავე შეუერთდა.

„ეს ყოველთვის ერთგვარი კონსტრუქციული ბუნდოვანება იყო.“

როგორც სტატიაში მოხსენიებულ სხვა რესპონდენტებს, მასაც ანონიმურობის გარანტია მიეცა, რადგან განხილული საკითხები განსაკუთრებულად სენსიტიურია და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, როგორც წესი, მედიასთან კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ.

როგორც საფრანგეთის გავლენიანმა ელჩმა ევროკავშირში, პიერ სელალმა, რომელიც ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ამ თანამდებობაზე და უშუალოდ მონაწილეობდა EEAS-ის მოდელის შემუშავების მოლაპარაკებებში, POLITICO-ს 29 ივნისს განუცხადა, ინსტიტუტი „ღამის სამ საათზე მიღწეული არეული კომპრომისის შედეგად“ შეიქმნა.

EEAS-ის შექმნის მომხრეებს სურდათ, ევროკავშირს საგარეო პოლიტიკაში უფრო ძლიერი და თანმიმდევრული ხმა ჰქონოდა - სფეროში, რომელიც ტრადიციულად ეროვნული დედაქალაქების პრეროგატივა იყო.

დღეს არსებული სისუსტეების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ იმ ბუნდოვან შეთანხმებაში იღებს სათავეს, რომელსაც იმდროინდელმა ლიდერებმა მიაღწიეს, რადგან ისინი ამ სფეროში სუვერენიტეტის სრულად დათმობისთვის მზად არ იყვნენ.

EEAS მოუხერხებლად არის მოქცეული ევროკომისიას, ევროკავშირის საბჭოსა და 27 წევრ სახელმწიფოს შორის. უფლებამოსილებები დანაწევრებულია, ხოლო კომპეტენციები ხშირად ერთმანეთს ეჯახება.

EEAS-ის დაახლოებით 5 000 თანამშრომლიდან, რომლებიც ბრიუსელის შტაბ-ბინაში ან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ევროკავშირის მისიებსა და დელეგაციებში მუშაობენ, დაახლოებით ორი მესამედი ევროკომისიიდან და სხვა ევროკავშირის ინსტიტუტებიდან მუდმივი კონტრაქტებით არის გადმოსული, ხოლო დაახლოებით ერთი მესამედი წევრი სახელმწიფოებიდან დროებით მივლინებული დიპლომატებია, რომლებიც, როგორც წესი, ოთხწლიანი ვადით მსახურობენ.

დღეს, კარიერული წინსვლის კვალდაკვალ, მაღალ თანამდებობებზე სულ უფრო მეტად სწორედ წევრი სახელმწიფოების დიპლომატები დომინირებენ, მაშინ როდესაც ევროკომისიის თანამშრომლები ხშირად ფიქრობენ, რომ არც ბრიუსელიდან და არც ეროვნული მთავრობებიდან სათანადო მხარდაჭერას არ იღებენ, აღნიშნა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
მისივე თქმით, სწორედ ამ მოუხერხებელმა მოდელმა გააღრმავა ურთიერთგაუცხოება ორივე მხარეს შორის.

„ფუნდამენტური პრობლემა არასოდეს გადაჭრილა - ეს დისბალანსი დღემდე არსებობს,“ - განაცხადა მან.

თანამშრომლებს შორის დაგროვილმა დაძაბულობამ იმედგაცრუება და განცდა გააჩინა, რომ EEAS ისე ვერ ფუნქციონირებს, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს, - ამის შესახებ POLITICO-ს ოთხმა ყოფილმა და ერთმა მოქმედმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების თანამშრომლები ხშირად ჩივიან დაბალ მორალურ განწყობაზე, თუმცა, მათი შეფასებით, EEAS-ში მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

„როდესაც EEAS-ში გადავედი, მითხრეს, რომ ეს ის ადგილია, სადაც კარიერას ამთავრებ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ EEAS-ში მუშაობის შემდეგ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტში სამსახურის პოვნა საკმაოდ რთულია.

მოქმედი მაღალჩინოსნის თქმით, რომელიც POLITICO-ს ესაუბრა, სამსახური უკვე რამდენიმე წელია „მძიმე დისფუნქციის“ მდგომარეობაშია. მისი თქმით, ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ ყოფილი გენერალური მდივნის, სტეფანო სანინოს ხელმძღვანელობის პერიოდიდან იღებს სათავეს. სანინო ამ თანამდებობას როგორც ჟოზეფ ბორელის, ისე კაია კალასის დროს იკავებდა.

მისივე განცხადებით, დანიშვნებისა და მივლინებების პროცესში ფავორიტიზმის კულტურა დამკვიდრდა; არასაკმარისი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს ხელმძღვანელ პოზიციებზე აწინაურებენ, ხოლო რესურსები არაეფექტიანად ნაწილდება.

მისი თქმით, ასობით თანამშრომელი - სამუშაო ძალის დაახლოებით 8 პროცენტი - სტრესთან დაკავშირებული მიზეზებით შვებულებაში იმყოფებოდა.

თუმცა, POLITICO-მ ამ მონაცემის ოფიციალურად დადასტურება ვერ შეძლო. ევროკომისიაში განაცხადეს, რომ მსგავსი სტატისტიკა საერთოდ არ არსებობს.

„ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა,“ - განუცხადა POLITICO-ს ევროკომისიის საგარეო საქმეთა საკითხებში პრესსპიკერმა ანუარ ელ ანუნიმ, რომელიც EEAS-თან დაკავშირებულ საკითხებს კურირებს.

„არც EEAS-ს და არც ევროკომისიას მსგავსი სტატისტიკა არ გააჩნია, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გაცდენები სამედიცინო კონფიდენციალურობით არის დაცული,“ - განაცხადა მან.

„EEAS-ში თანამშრომელთა კეთილდღეობის დაცვის მკაცრი სტანდარტები მოქმედებს, ასევე ეფექტიანი ანტიჰარასმენტის პოლიტიკა. ყველა დანიშვნა დამსახურებისა და პერსონალის შესახებ მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით ხორციელდება.“

ამასთან, კაია კალასმა ჯერ კიდევ 2024 წელს გააფრთხილა, რომ EEAS-ისთვის გამოყოფილი დაახლოებით ერთი მილიარდი ევრო „მნიშვნელოვან საბიუჯეტო დეფიციტს ტოვებს და მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის გაგრძელება მოგვიწევს.“

მოქმედი მაღალჩინოსნის თქმით, EEAS წლების განმავლობაში სერიოზულ საბიუჯეტო პრობლემებს აწყდებოდა. ფინანსური მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ 2023 წლის ზამთარში, როდესაც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ენერგომატარებლებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, სამსახურს ბრიუსელის შტაბ-ბინის გათბობაც კი აღარ შეეძლო.

თუმცა, ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა ეს განცხადება კატეგორიულად უარყო.
„ეს სრული სისულელეა,“ - განაცხადა მან.

„EEAS-მა ენერგიის დაზოგვის ისეთი ზომები დანერგა, როგორიც ევროკავშირის ყველა ინსტიტუტში მოქმედებდა. მათ შორის იყო შენობებში ტემპერატურის 19 გრადუს ცელსიუსზე შენარჩუნება.“

თავად EEAS-ის შტაბ-ბინა - ბრიუსელის შუმანის მოედანზე მდებარე პოსტმოდერნისტული „ტრაიენგლის“ (Triangle) შენობა - დროთა განმავლობაში იმ წინააღმდეგობის სიმბოლოდაც იქცა, რომელიც სამსახურის ამბიციურ მოლოდინებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის არსებობს.

EEAS-ის პირველმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ბრიტანელმა კეტრინ ეშტონმა, ამ შენობაზე მხოლოდ მას შემდეგ შეაჩერა არჩევანი, რაც ევროკავშირმა უარი უთხრა, სამსახური საბჭოს „ლექსის“ (Lex) შენობაში ან ევროკომისიის „შარლემანის“ (Charlemagne) შენობაში განეთავსებინა.

„ეს ერთ-ერთი ბრძოლა იყო, რომელიც ეშტონმა წააგო,“ - ამბობს ჰილკე დიიკსტრა.
დაძაბულობა მხოლოდ რიგით თანამშრომლებს შორის არ იგრძნობა. ბუნდოვანება, უფლებამოსილებების გადაფარვა და ეფექტიანობასთან დაკავშირებული კითხვები თავიდანვე თან სდევდა თავად დიპლომატიური სამსახურის უმაღლეს ხელმძღვანელობასაც.

„თუ არ იცი, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, ვერასოდეს იქნები დამაჯერებელი და თავდაჯერებული,“ - განუცხადა POLITICO-ს ჟოზეფ ბორელმა, რომელიც EEAS-ს 2019-2024 წლებში ხელმძღვანელობდა.

„პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის იმის გარკვევა, სინამდვილეში რის მიღწევა გვინდა.“
EEAS-ის შექმნის დღიდან მას ოთხი უმაღლესი წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა. მათგან თითოეული ხუთწლიანი ვადით ინიშნებოდა. ამ თანამდებობას ხშირად არაფორმალურად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს ან მთავარ დიპლომატსაც უწოდებენ.
პირველი უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი იყო, რომელიც ამ პოსტს 2009-2014 წლებში იკავებდა. მას სრულიად ახალი ინსტიტუტის ნულიდან შექმნა დაევალა.

ევროკომისრად დანიშვნამდე ეშტონი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრების - ტონი ბლერისა და გორდონ ბრაუნის - მთავრობებში არჩევითობის გარეშე დანიშნული უმცროსი მინისტრი იყო. კრიტიკოსების შეფასებით, ასეთი გამოცდილება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური თანამდებობის დასაკავებლად საკმარისი არ იყო.

იმდროინდელ სტატიაში BBC წერდა:

„ლეიბორისტული პარტიის წევრი ეშტონი ფართოდ მიიჩნეოდა ადამიანად, რომელიც ამ თანამდებობისთვის საკმარისად მომზადებული არ იყო. კამერების წინ თავს არაკომფორტულად გრძნობდა, მედიის მიმართ სიფრთხილით იყო განწყობილი და საქმიანობის საწყის ეტაპზე არაერთი არასწორი მრჩეველი შეარჩია. ბრიუსელის პოლიტიკურ წრეებში მას სერიოზულად აღარ აღიქვამდნენ.“

მოგვიანებით თავად ეშტონმაც აღიარა, რომ ბრიუსელში ჩავიდა „შეზღუდული გამოცდილებითა და საკმაოდ სუსტი პოლიტიკური მხარდაჭერით“, თუმცა ამტკიცებდა, რომ EEAS-ის შექმნა ნებისმიერ შემთხვევაში უპრეცედენტო გამოწვევა იყო.

თანამდებობაზე დანიშვნიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მისი საქმიანობა წევრ სახელმწიფოებში არაერთგვაროვნად შეაფასეს. საბოლოოდ, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, შვედეთისა და კიდევ შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნეს.

12 მინისტრი აცხადებდა, რომ მათი მიზანი EEAS-ისთვის „საკუთარი სრული პოტენციალის რეალიზებაში დახმარება“ იყო, თუმცა ამავე დროს მწვავედ აკრიტიკებდნენ როგორც საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომების არასათანადო ორგანიზებას, ისე პოლიტიკის დოკუმენტების სიმწირეს. მათი გაფრთხილებით, არსებობდა საფრთხე, რომ EEAS „წევრი სახელმწიფოებისგან მოწყვეტილ ახალ ბიუროკრატიულ სტრუქტურად“ ქცეულიყო.

მართალია, წლების შემდეგ ეშტონის საქმიანობა გაცილებით დადებითად შეფასდა - განსაკუთრებით სერბეთსა და კოსოვოს შორის დიალოგის ხელშეწყობისთვის, აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების ხელმძღვანელობისთვის - თუმცა მისი ხელმძღვანელობის გარშემო მიმდინარე კამათი რეალურად ასახავდა უფრო ფართო პოლიტიკურ დავას იმის შესახებ, თუ რა უნდა ყოფილიყო ევროკავშირის ახლად შექმნილი დიპლომატიური სამსახური.

ეშტონის მემკვიდრეებსაც ამ თანამდებობის სირთულეებთან გამკლავება არანაკლებ გაუჭირდათ.

იტალიელი ფედერიკა მოგერინი EEAS-ს 2014-2019 წლებში ხელმძღვანელობდა. მართალია, მას უკვე ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის გამოცდილება, თუმცა მხოლოდ რვა თვის განმავლობაში. მოგერინი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში, თუმცა ხშირად აკრიტიკებდნენ რუსეთის მიმართ ზედმეტად რბილი დამოკიდებულების გამო.

მოგვიანებით მისი სახელი თაღლითობის საქმესაც დაუკავშირდა, რის გამოც 2025 წელს ევროპის კოლეჯის (College of Europe) რექტორის თანამდებობა დატოვა. მოგერინი არც ერთ დანაშაულში მსჯავრდებული არ არის და ყველა ბრალდებას უარყოფს.

ესპანელი ჟოზეფ ბორელი EEAS-ს 2019-2024 წლებში ხელმძღვანელობდა. მანამდე ის დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
მისი საქმიანობა დადებითად შეფასდა რადგან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირს საგარეო პოლიტიკაში ერთიანი პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარა. თუმცა მისი მანდატი არაერთი დიპლომატიური შეცდომითაც გამოიჩეოდა, რაზეც ევროკავშირის არაერთი ოფიციალური პირი და პოლიტიკოსი მიუთითებდა.

კაია კალასი EEAS-ის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას 2024 წლიდან იკავებს.
ჯერ კიდევ მის დამტკიცებამდე ზოგიერთი დიპლომატი შიშობდა, რომ ყოფილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ზედმეტად იქნებოდა კონცენტრირებული რუსეთის საკითხზე.

როგორც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროპელმა დიპლომატმა ხუმრობით აღნიშნა:
„თუ კაია კალასს ჰკითხავთ, სად არის აფრიკა, შეიძლება გიპასუხოთ, რომ ის რუსეთის სამხრეთით მდებარეობს.“

კალასის ხელმძღვანელობის პერიოდში უმაღლესი წარმომადგენლის მანდატი სულ უფრო ხშირად იკვეთება და ეჯახება როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ისე განსაკუთრებით ევროკომისიის პრეზიდენტის უფლებამოსილებებს.

ამ თანამდებობებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის პრობლემა იმდენად ცნობილი პრობლემაა, რომ როდესაც 2025 წელს კაია კალასმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებისას ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, ევროკომისიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ეს იყო იმის დასტური, რომ მათ, აშკარა დაძაბულობის მიუხედავად, უთანხმოების გვერდზე გადადება და ერთად მუშაობა შეუძლიათ.

კალასმა თავისი პირდაპირი განცხადებებით სხვა ევროკომისრები და ევროპელი ლიდერებიც არაერთხელ გააღიზიანა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მან ისრაელის მიერ პალესტინელების მიმართ პოლიტიკა აპარტეიდს შეადარა, ხოლო ჩინეთის სავაჭრო პრაქტიკას „კიბოს“ უწოდა.

„უმაღლეს წარმომადგენელს, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიც არის, ხელშეკრულებით მინიჭებული დამოუკიდებელი უფლებამოსილებაც აქვს და გარკვეულ საკითხებზე საკუთარი ინიციატივით მოქმედებაც შეუძლია,“ - ამბობს ჰილკე დიიკსტრა.

„სწორედ ეს იწვევს პრობლემების მნიშვნელოვან ნაწილს.“

EEAS-ის პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს მისი განსაკუთრებული ადგილი ევროკავშირის სამართლებრივ სისტემაში. თავად სამსახურს ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებში მხოლოდ შეზღუდული ადგილი უკავია.

ეს ნიშნავს, რომ მისი რეფორმირება შესაძლებელია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.

„EEAS-ის შესაცვლელად ხელშეკრულებების გადახედვა საჭირო არ არის,“ — ამბობს დიიკსტრა.

„საკმარისია ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ერთხმად უნდა იყოს მიღებული.“

ზოგიერთი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი კიდევ უფრო შორს მიდის და EEAS-ის არსებული ფორმით გაუქმებასა და მის ევროკომისიაში დაბრუნებასაც განიხილავს.

„ალბათ, ყველაზე გონივრული გამოსავალი EEAS-ის ევროკომისიასთან გაერთიანება იქნებოდა,“ - მიიჩნევს დიიკსტრა, განსაკუთრებით მისი ადმინისტრაციული, საბიუჯეტო და ინსტიტუციური პრობლემების გათვალისწინებით.

სხვები ამდენად რადიკალურები არ არიან, თუმცა იმაზე თანხმდებიან, რომ რეფორმა აუცილებელია.

„ევროკომისიის ინტერესშიც შედის, რომ EEAS ძლიერი და ეფექტიანი ინსტიტუტი იყოს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

„ევროკავშირს ძლიერი დიპლომატები სჭირდება.“

თუმცა ნებისმიერი რეფორმა კიდევ ერთ, უფრო ფუნდამენტურ კითხვასაც უნდა გასცეს პასუხი - რა არის რეალურად ევროკავშირის დიპლომატიის დანიშნულება?
იმავე ყოფილი მაღალჩინოსნის შეფასებით, ევროპულმა დიპლომატიამ ვერ შეძლო ცვალებად საერთაშორისო გარემოსთან ადაპტირება.

მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობისას კონკრეტული ინტერესებისა და მიზნების ნაცვლად ზედმეტად ხშირად ოპერირებენ აბსტრაქტული, ღირებულებებზე დაფუძნებული გზავნილებით.

„როდესაც ჩინელ ან ვიეტნამელ კოლეგას ხვდები, ის გაკვირვებული გიყურებს და გეკითხება - მართლა?“

„როგორც წესი, ადამიანები მოლაპარაკებაზე კონკრეტული მოთხოვნებით მიდიან. ჩვენ კი ზოგადი განცხადებებით მივდივართ - მაგალითად, დემოკრატია უნდა გააუმჯობესოთ.“
მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ EEAS-ს მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები და ანგარიშვალდებულებაც აკლია.

„ევროკომისიის თითქმის ყველა გენერალურ დირექტორატში ძალიან მკაფიოდ გეკითხებიან, რა შედეგს უნდა მიაღწიო ერთ ან ორ წელიწადში,“ - ამბობს ის.

„შეგვიძლია დღეს ვთქვათ, სად გვინდა ვიყოთ, მაგალითად, ავღანეთთან ურთიერთობაში ერთი წლის შემდეგ? ან მსოფლიოს რომელიმე სხვა რეგიონში? ძალიან რთულია იმის დანახვა, სად აღწევ წარმატებას და სად - არა.“

დიიკსტრას შეფასებით, წლების განმავლობაში თანდათანობით გაუარესდა თავად EEAS-ის დიპლომატიური კორპუსის ხარისხიც.

„პირველ წლებში წევრი სახელმწიფოები EEAS-ში თავიანთ ყველაზე გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ დიპლომატებს აგზავნიდნენ.“

„დღეს კი, თუ რომელიმე წევრი სახელმწიფოს საგარეო სამსახურში მუშაობ, EEAS-ში დროებითი მივლინება უკვე აღარ მიიჩნევა კარიერული განვითარების კარგ შესაძლებლობად.“

 

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები