ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ბრალდებები კვლავ ისმის ნიკა მელიასა და "კოალიცია ცვლილებების“ მისამართით. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილს ისევ აკრიტიკებენ "ფედერალისტები," რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი პარტია დაასუსტა და შესაძლოა, საერთო პოლიტიკური პროცესიც დააზიანოს.
ოპოზიციაში მიმდინარე ამ პროცესებზე შეფასებები კეთდება "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი თავდასხმები ახალი არ არის.
"კონკრეტულად ამ ალიანსში აბსოლუტურად არასაქმიანი გარემოა შექმნილი, ამიტომ იქ ყოფნა-არ ყოფნას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
რაც შეეხება ამ თავდასხმებს - ეს თავდასხმები მუდმივად მიმდინარეობდა და, რა თქმა უნდა, არაფერი მოულოდნელი არ არის. ეს კონკრეტული ადამიანები მუდმივად არიან დაკავებულები "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის კრიტიკით. ეს მათი საქმეა, ასე არიან მომართულები, რომ ეს თავდასხმები და შეურაცხყოფები მომართონ "ნაციონალური მოძრაობის" და მისი ლიდერების წინააღმდეგ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დიახაც, ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც იწვევს გაღიზიანებას. ძალიან საინტერესოა, 2012 წლამდე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, რატომ აფასებდნენ სხვანაირად და ახლა რომ ოპოზიციაში არიან, რატომ გახდნენ აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციების მქონეები," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.