ევროკავშირის პოლიტიკურმა ძალამ, "ევროპის სახალხო პარტიამ", ვენაში გამართულ პოლიტიკურ ასამბლეაზე ახალი და საკმაოდ მკაცრი პოლიტიკური კურსი დააფიქსირა, რომელიც ევროპული მიგრაციული პოლიტიკისა და რელიგიური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულების გადახედვას ითხოვს, - წერს EUobserver.
პარტიის მიერ მიღებული რეზოლუციები მოიცავს როგორც რადიკალურ ცვლილებებს თავშესაფრის მიცემის წესებში, ისე ისლამური ორგანიზაციების საქმიანობაზე ზედამხედველობის გამკაცრებას.
პარტია ისლამის პოლიტიკურ ექსპლუატაციაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ გარკვეული ჯგუფები ევროპული დემოკრატიის შესარყევად პოლიტიკურ სივრცეში შეღწევას ცდილობენ.
EPP მოითხოვს ისლამისტური ორგანიზაციების დეტალურ აღრიცხვას, მათთვის ფინანსური წყაროების შეზღუდვას და სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურებას, რათა "ევროპულ დემოკრატიულ პროცესებში გარე ჩარევა აღიკვეთოს".
აღნიშნული ინიციატივა უკვე გახდა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის საგანი. მათი შეფასებით, რეზოლუციით გაჟღერებული რიტორიკა მუსლიმებს პოტენციურ საფრთხედ წარმოაჩენს და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზაციას, რაც ევროპაში მცხოვრებ მუსლიმებს ორმაგი სტანდარტების "ხაფანგში ამწყვდევს".
კრიტიკოსები ასევე ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ გერმანიის დაზვერვის მონაცემებით, დემოკრატიისთვის ყველაზე რეალურ საფრთხეს ამჟამად მემარჯვენე ექსტრემიზმი წარმოადგენს და არა რელიგიური ორგანიზაციები.
პარტიის ახალი ინიციატივების მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება მიგრაციულ პოლიტიკას ეხება, სადაც EPP ე.წ. სუბსიდიური დაცვის სტატუსის სრულ გაუქმებას ითხოვს.
როგორც გამოცემა წერს, ინიციატივის მიზანი ლტოლვილთა დაბრუნების პროცედურების დაჩქარებაა იმ ქვეყნებში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ეს სტატუსი ამ დრომდე ემსახურებოდა იმ ადამიანების დაცვას, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ლტოლვილის კლასიკურ კრიტერიუმებს, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში წამების, არაადამიანური მოპყრობის ან სიკვდილით დასჯის რეალური საფრთხის წინაშე იდგნენ.
პარტიის მიერ გაცხადებულ პოზიციას მხარი დაუჭირა ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისარმა მაგნუს ბრუნერმა, რომელმაც ვენაში სიტყვით გამოსვლისას მიგრაციულ საკითხებში "ახალი აზროვნების" აუცილებლობაზე ისაუბრა.
მიუხედავად ოფიციალური პირების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისა, "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ არჩეული ახალი კურსი ევროპული ღირებულებებისა და ინკლუზიური პოლიტიკის მომხრე წრეებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.