01 ივლისი 2026,   23:58
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მუშაობას აგრძელებს - ბოლო 1 თვეში, საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის 30-ზე მეტი პირი დაჯარიმდა

მუშაობის ერთი თვე და 170 სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტი - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ ბოლო 30 დღეში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს განსახილველად 150-მდე საქმე გადასცა.

ახლად შექმნილი სამმართველოს მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს თამარ ჩერგოლეიშვილის საქმე განიხილა. მსაჯულმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და თენგიზ ჭანტურიძის შეურაცხყოფისთვის 2500 ლარით დააჯარიმა.

დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო გიორგი შიოშვილი. საჯარო სივრცეში ბრალდებულის მიერ დაწერილი სიძულვილის ენის შემცველი კომენტარის ადრესატი თეა წულუკიანი იყო. მოსამართლემ გიორგი გელაშვილის შეურაცხყოფისთვის თამაზ ქარჩავა 4000 ლარით დააჯარიმა.

თბილისის გარდა, დღეს პროცესები რუსთავის საქალაქო სასამართლოშიც ჩატარდა. მსაჯულმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო გოჩა მშვენიერაძე, რომელმაც სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" დედაქალაქის მერის მისამართით ზიზღის ენა გამოიყენა. 9 ივლისს გაგრძელდება სოლომონ მეტრეველის საქმის განხილვა, რომელმაც შეურაცხყოფა ვლადიმერ ბოჟაძესა და ლევან მურუსიძეს მიაყენა. თელავის რაიონულმა სასამართლომ კი იოსებ ჭუაძეს 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნა ერთი თვის წინ სახელმწიფო მინისტრმა დააანონსა. დღეს კი მამუკა მდინარაძემ დეპარტამენტის ერთთვიანი მუშაობა შეაჯამა. მისი თქმით, საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენება შემცირდა, თუმცა გაზრდილია სამმართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმები, რომელთა ავტორებიც, სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები არიან.

სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით პროცესები ყოველდღიურად ტარდება. სასამართლოებმა შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე 33 საქმეზე მიიღეს, საიდანაც 31 შემთხვევაში სამართალდამრღვევები დაჯარიმდნენ, ხოლო ორ პირს მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები