საქართველო, არა მხოლოდ სატრანზიტო ლოგისტიკური ჰაბი, არამედ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია პროდუქციის წარმოება და საიმედო მოკავშირეა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებადობის გაზრდის კონტექსტში. საქართველო, რომელიც ზრდის პარტნიორობასა და კავშირებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, სწრაფად მზარდი სტატისტიკური მაჩვენებლებით - სწორედ ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომელმაც საქართველო უზბეკეთის ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიმართა.
70 კომპანია უზბეკეთიდან, 250 საქართველოდან - თბილისი საქართველო-უზბეკეთის წარმომადგენლობით ბიზნესფორუმს მასპინძლობს. მშენებლობა, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ფარმაცია - ბიზნესმენები სხვადასხვა საკვანძო სექტორიდან, ახალი ბიზნესკონტაქტების დასამყარებლად და კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად შეიკრიბნენ.
ორი ქვეყნის ბიზნესფორუმი მოსახერხებელი პლატფორმაა, გაიცვალოს ინფორმაცია საქართველო უზბეკეთის საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე და ინფორმაციის გაცვლასთან ერთად, დაიგეგმოს ის პრიორიტეტები, რაც სავაჭრო ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას უზრუნველყოფს.
ბიზნეს ფორუმის ორგანიზატორები საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა და უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო არიან.