02 ივლისი 2026,   05:00
ვრცლად
ტრეფიკინგის სქემა ბათუმში - პოლიციამ 3 დედა საკუთარი შვილების იძულებითი შრომისთვის დააკავა

ხუთ ლარად ვარდებს ყიდდნენ და გამვლელებს მოწყალებას სთხოვდნენ. ასე გამოიმუშავებდნენ ფულს მცირეწლოვნები, რომლებიც ქუჩაში სამუშაოდ მშობლებმა გაუშვეს.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ტრეფიკინგის სქემაში ბავშვები დედებმა ჩართეს. ყოველდღიურად, შვილებს აიძულებდნენ გამვლელებისგან ფული ეთხოვათ და თანხა, სრულად, მათთვის მიეტანათ.

დილის 10 საათიდან, ღამის 12 საათამდე არასრულწლოვნები, რესტორნებთან, კაფე-ბარებთან და სავაჭრო ობიექტებთან იდგნენ.

მშობლები მოშორებით იდგნენ, აკვირდებოდნენ, რა რაოდენობის თანხას შეაგროვებდნენ მათი შვილები. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ბავშვებს შეუმჩნეველ ადგილებში ხვდებოდნენ და ფულს ართმევდნენ.

ტრეფიკინგის საქმე პოლიციამ მალე გახსნა და მძიმე ბრალდებით 3 ქალი დააკავა. პოლიციამ არაერთი ოპერატიული და კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. სამივე, საკუთარი სახლებიდან ერთდროულად აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ტრეფიკინგში ჩართული მცირეწლოვნები მუდმივად, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იყვნენ. უფლება არ ჰქონდათ უარი ეთქვათ მშობლების დავალებებზე. დედები, მობილურით აკონტროლებდნენ შვილებს, მიუთითებდნენ, რომ დროულად ემოქმედათ და თანხა მალე შეეგროვებინათ.

ტრეფიკინგის სქემა, ბათუმში მოქმედებდა. „კურიერი“ იმ ქუჩაზე მივიდა, სადაც მცირეწლოვნები დილიდან საღამომდე მუშაობდნენ და მოწყალებას ითხოვდნენ.

არასრულწლოვნებს მეზობლები, მაშინ ხედავდნენ, როდესაც მშობლებთან ერთად, სახლიდან დილით გადიოდნენ და გვიან ბრუნდებოდნენ.

ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გენერალურმა პროკურატურამ მათ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ბრალდების მხარე სასამართლოს, სამივე მათგანის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართავს.

მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების დროს, სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებიდან, თანხაც ამოიღეს. სავარაუდოდ, ეს ის ფულია, რომელიც მცირეწლოვნებმა, მოწყალების თხოვნით და ყვავილების გაყიდვით შეაგროვეს და სახლში მიიტანეს.

დღის ამბები