01 ივლისი 2026,   23:56
ვრცლად
დაპირისპირება ოპოზიციაში - ბოლო 6 წელში "ნაციონალური მოძრაობის" 4 თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა სახლში სხვადასხვა მიზეზით გაუშვა

ვაშაძე, მელია, ხაბეიშვილი, ბოკუჩავა- ბოლო 6 წელში ნაციონალური მოძრაობის 4 თავმჯდომარე რუსთავის ციხის პატიმარმა სახლში, სხვადასხვა მიზეზით გაუშვა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელი ორის ადგილმონაცვლეობა, ლევან ხაბეიშვილის მიმართ, გარკვეული ანტიპათიის გამო მოხდა. მიხეილ სააკაშვილმა 2 წლის დაგვიანებით ერთ-ერთ მედიასთან აღიარა, რომ "ნაციონალების" ყოფილ თავმჯდომარეს პარტიული თანამდებობა არა ჯანმრთელობის მდგომარეობის, არამედ ინგლისურის არ ცოდნის გამო ჩამოართვა.

იდეა მიხეილ სააკაშვილს მისივე გუნდის ბევრმა წევრმა დაუწუნა, ისევე როგორც პოზიცია ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. "ნაციონალების" ახალი სპიკერები ირწმუნებიან, რომ სააკაშვილი, ხაბეიშვილის პოსტიდან გაშვების რეალურ მიზეზზე არ საუბრობს. ამტკიცებენ იმასაც, რომ რუსთავის ციხის პატიმრის ბრძანებები და ვერტიკალური მმართველობა, მალე ჰორიზონტალური მმართველობით ჩანაცვლდება, თუმცა ვერ უარყოფენ, რომ საბოლოო სიტყვა, მაინც სააკაშვილზე იქნება.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები კი აღიარებენ, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილმა და პარტიულ თანამდებობაზე მყოფმა სხვა პირებმა შექმნეს გაუმჭვირვალე თამაშის წესები, რომელმაც პარტია შეუქცევად კრიზისამდე მიიყვანა. ანა წითლიძემ, ლიდერს ერთ-ერთი მედიიდან საჯაროდ უთხრა, რომ სახელების და გვარების ცვლილება, მის პარტიას ვეღარ გადაარჩენს.

"ნაციონალებიდან" წასული და დღეს ყოფილი ლიდერის მთავარ ოპონენტად ქცეული "ფედერალისტები" ამტკიცებენ, რომ კერპად დარჩენის სურვილით შეპყრობილი, რუსთავის ციხის პატიმარი, ბუნებას არც ამჯერად შეიცვლის. პარტიას კი საბოლოოდ თვითგანადგურებამდე მიიყვანს.

თვითგანადგურებას და პოლიტიკურ მარცხს, სახელისუფლებო გუნდი მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალებთან" ერთად, მის მოკავშირე ძალებსაც უწინასწარმეტყველებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია რეალურად მხოლოდ, უცხოელი დამფინანსებლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად იბრძვის, რომელთა დავალებებს უკვე წლებია, ქვეყნის საწინააღმდეგოდ ასრულებენ.

ძალაუფლების გადანაწილებამ, "ნაციონალური მოძრაობა" შესაძლოა საბოლოო რღვევამდე მიიყვანოს. ათვლა 8 ივლისიდან დაიწყება, როდესაც თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს უფლებამოსილება ამოეწურება, გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს, გამოკვეთილი პრობლემები კი უკვე ზედაპირზეა - სააკაშვილი აღიარებს, რომ მისი პარტია უმოქმედოა, ე.წ პარკეტისა და ტელესტუდიების ოპოზიციად იქცა, რომელიც უკვე წლებია მსხვერპლის როლის მორგებას ცდილობს.

 

დღის ამბები