"სისტემური წამების რეჟიმის შემქმნელები ახლა ბედავენ და საუბრობენ სისტემურ დანაშაულებზე," - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, დანაშაულზე პასუხს ყველა აგებს, თუმცა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სამართალდამცველების დისკრედიტაცია და მორალის კითხვა მიუღებელია იმ პირობებში, როცა ათიათასობით პოლიციელი საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად რისკავს.
"სისტემური წამების რეჟიმის შემქმნელები, რომელიც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ახლა ბედავენ და საუბრობენ სისტემურ დანაშაულებზე მაშინ, როდესაც, მაგალითად, გირგვლიანის საქმის განხილვისას სტრასბურგის სასამართლოს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ გაოგნებულია სასამართლო, როგორ შეხმატკბილებულად ცდილობდა საქართველოს პარლამენტი, პროკურატურა, შსს და საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოსთან ერთად, რომ გაემართლებინა მაშინდელი დამნაშავეები. როგორც მეგის ქარდავასგან არ გამოდნება ადამიანის უფლებათა დამცველი, ისე ვერ გამოდნებიან ამ ადამიანებისგან ვერც პოლიტიკოსები და, მით უმეტეს, ვერ უნდა იღებდნენ ესენი ხმას ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით.
რაც შეეხება დანაშაულს - ვინც არ უნდა იყოს და რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს იგი, კანონი ყოველთვის, ყველა შემთხვევაში, მათ მიმართ იქნება მკაცრი. ამავდროულად, არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ ჩვენ გვყავს 40 000 პოლიციელი, რომელთა უკანაც დგანან მათი ოჯახები, რომლებმაც არ იციან, ეს პოლიციელები როდესაც გავლენ ოჯახიდან, უკან დაბრუნდებიან თუ არა, რადგან თითოეული პოლიციელის თითოეული მორიგეობა არის საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება სხვა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებული 6 პოლიციელი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოლოდინშია. პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 მაისს დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ პოლიციელებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ავტორი: ნანა გოგატაძე