01 აგვისტო 2026,   18:29
ვრცლად
ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობას და მიგვაჩნია, რომ ეს მოთხოვნა არის სამართლიანი და კანონიერი - გორში მომხდარი ძალადობისას დაზარალებულის ადვოკატი

პროკურატურა გორში მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებული 6 პოლიციელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს, რამაც დაზარალებულის უფლებების შელახვა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

დაზარალებულის ინტერესების დამცველს ობიექტური გამოძიების და სასამართლოს მხრიდან პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების მოლოდინი აქვს.

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ გამოძიება ჩატარდება ობიექტურად და სწორად. კადრები გავრცელებულია, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება. დაზარალებულებს აქვთ მოლოდინი იმისა, რომ მათი ინტერესები იქნება სრულად დაცული. ჩვენი ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიებად ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობას და მიგვაჩნია, რომ ეს მოთხოვნა არის სამართლიანი და კანონიერი და გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ეს მოთხოვნა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდება," - აცხადებს რევაზ რევაზიშვილი.

დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილი გვიან ღამით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სახლიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. პარალელურად, გორის ჰოსპიტალში რჩება ის პოლიციელიც, რომელსაც ფიზიკური დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.



ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები