ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აბსოლუტურად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგმა, საქმეზე "მილაძე საქართველოს წინააღმდეგ", გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება. საქმე ეხება 2022 წელს, სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ოპოზიციონერმა აქტივისტმა ირაკლი მილაძემ, თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა.
ეროვნულმა სასამართლოებმა მას კანონით გათვალისწინებული ჯარიმა დააკისრეს.
ევროპულმა სასამართლომ ძალაში დატოვა ეროვნული ინსტანციების გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტის განცხადებები, არა პოლიტიკურ კრიტიკას, ან საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე აზრის გამოხატვას, არამედ საჯარო მოხელეების დამცირებას და შეურაცხყოფას ისახავდა მიზნად.
საჭიროა ქმედითი მექანიზმების ამოქმედება, გარედან თავსმოხვეული სიძულვილის კამპანიის წინააღმდეგ - პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ შსს-ს ახალი სტრუქტურული ერთეული მსგავსი საფრთხეების პრევენციას წარმატებით მოახდენს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო შიდა აქტორების ხელით და ევროკავშირის დაფინანსებით წარმოებულ სიძულვილის კამპანიას ეფექტურად ებრძვის.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელმაც დაადგინა ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და უცენზურო, დამამცირებელ განცხადებებს შორის, ოპოზიცია მაინც ამტკიცებს, რომ ასეთი გამონათქვამებისთვის არ უნდა ისჯებოდნენ.
სახელისუფლებო პარტიაში კი გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ გამოხატვის თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს სხვების ღირსებისა და უფლებების შეურაცხყოფაში. უმრავლესობის წევრები, პოლიტიკურ კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის ზღვრის გავლების აუცილებლობაზე საუბრობენ.
სპეციალური სტრუქტურული ერთეული შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში შეიქმნება. ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი კამპანიების სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.