08 აგვისტო 2026,   14:01
ვრცლად
შეხვედრებზე საუბარი იყო საქართველოს ეკონომიკის ძლიერი პოზიციების შეფასებაზე, ჩვენს მედეგობაზე, მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც არ არის ერთჯერადი ფაქტორი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავასა და ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში დასრულდა. ვაშინგტონში საქართველოს დელეგაციამ ერთი კვირის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები, მსოფლიოს ქვეყნების საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები და ფინანსთა მინისტრები განიხილავდნენ გლობალურ თემებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს.

"ყველგან, სადაც კი გვქონდა ჩვენ შეხვედრა, პირველ რიგში, საუბარი იყო საქართველოს ეკონომიკის ძლიერი პოზიციების შეფასებაზე, ჩვენს მედეგობაზე, მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც არ არის ერთჯერადი ფაქტორი, - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 9.3%-ით ზრდა არის მართლაც შესაშურად მაღალი მაჩვენებელი.

ასევე, იმაზე, რომ ინფლაციაც არის მართვადი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი გამოწვევები მომდინარეობს გლობალური ბაზრიდან, ინფლაცია კვლავაც არის მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ. საყოველთაო შეფასებაა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობით, თავისი მიმზიდველობით, თავისი რეფორმირებული სტრუქტურებით, გამჭვირვალობით და კარგი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით, რომელიც მზად არის, რომ მიიღოს დამატებითი ტვირთები., დამატებითი ლოჯისტიკური მომსახურება გაწიოს და, რაც მთავარია, წარმოვჩინდით, როგორც მზარდი, რეგიონალური, ახალი ფინანსური ჰაბი," - აცხადებს ნათია თურნავა.

დღის ამბები