18 ნოემბერი 2026,   22:27
ვრცლად
რატომ უნდა გავაკეთო ახლა მე კომენტარი რამეზე, ტყუილად მეკითხებით ამ რაღაცებს - დავით გუნაშვილი

ანტიდემოკრატიული პროცესების და არეულობის მოწყობის მცდელობა საქართველოში, რისთვისაც ევროკავშირის ტერიტორია გამოიყენება. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარებს "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს. გავრცელებული ინფორმაციით, ბლაჟევიჩი განაგრძობს გარკვეული ჯგუფების მომზადებასა და ინსტრუქტაჟს, მათ შორის არიან "მომავლის აკადემია", მოძრაობები "წერტილი" და "ფარი". 

მედიის ინფორმაციით, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში არსებულ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებას აწარმოებს.

მოძრაობა "წერტილის" წევრი გიორგი ეკალაძე, "კურიერის" კითხვაზე - იცნობს თუ არა იგორ ბლაჟევიჩს, პასუხს არ სცემს.

"მედიებს, რომლებიც ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას, არ ველაპარაკები. პასუხი უკვე გაგეცით", - აცხადებს გიორგი ეკალაძე.

მოძრაობა "ფარის" წევრი დავით გუნაშვილი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

"რატომ უნდა გავაკეთო ახლა მე კომენტარი რამეზე? ტყუილად მეკითხებით ამ რაღაცებს. არავის ტრენინგი და შესწავლა მე არ მჭირდება, იქეთ ვატრენინგებ ხალხს. მე როდესაც ეთერში ვზივარ და მეძლევა შესაძლებლობა საზოგადოებასთან ურთიერთობის, გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას, ჩემს ცოდნას და ექსპერტიზას, მე ძალიან ბევრი ცოდნა მაქვს, ძალიან ბევრი წავიკითხე, ძალიან ბევრ მასალას ვეცნობი საინტერესოს, რომელიც მიმართულია დემოკრატიული სამყაროს გაძლიერებისკენ, თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ და ა.შ. და ამაზე მე ძალიან ღიად ვსაუბრობ. რამდენჯერაც არ უნდა მკითხოთ ნებისმიერ თემაზე, მე თქვენ პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ, რომ არ გენდობით", - აცხადებს დავით გუნაშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები