06 აგვისტო 2026,   14:51
ვრცლად
გადახედავს თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლება პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვაზე დადგენილებას - "ხალხის ძალა" კონსულტაციების გამართვას ითხოვს

გადახედავს თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლება პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვაზე დადგენილებას - "ხალხის ძალა" მთავრობის 12 მარტის გადაწყვეტილების გადახედვასა და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ყველა თანხმდება, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით, პლასტმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა, ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგების შესწავლა.

"მთავრობის ეს დადგენილება, მინიმუმ, შესაჩერებელია გარკვეული დროით მანამ, სანამ არ მოხდება დეტალურად განხილვა, რადგან იქნება ძალიან ბევრი მიმართულება, რომელშიც იქნება გამოწვევები. ეკონომიკურ ზიანთან ერთად, რაც აუცილებლად იქნება, ვერ მოხდება იმ მიზნის მიღწევა, რა მიზანიც ჰქონდა ამ დადგენილებას. ასე რომ, ფართო კონსულტაციები არის გამოსავალი იმისათვის, რომ საბოლოო მიზანზე გავიდეთ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობამ დასაბუთებულად მიიღო.

"საკითხის გადაწყვეტისას მთავრობამ იხელმძღვანელა შესაბამისი მონაცემებით, ეს იყო დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამავდროულად, "ხალხის ძალის" მხრიდან იყო შემოთავაზებული საინტერესო ინიციატივა შესაბამისი დასაბუთებით. დაველოდოთ, რა გამოხმაურება ექნება აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნება თუ არა მსჯელობისთვის გახსნილი არეალი," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები