თბილისური აივნები, სადარბაზოები, ფერად–ფერადი ორნამენტები – ამ უბანში მისთვის ყველაფერი მშობლიურია. მოგონებებიც ისეთივეა, როგორც წლების წინ - მაშინ, პატარა ბიჭი რომ იყო და ზურგჩანთით, ქიქოძის ქუჩის გავლით, პირველი სკოლისკენ რომ მიდიოდა.
ასათიანზე – ყოფილი ენგელსის ქუჩაზე დაიბადა. მამაც არქიტექტორი ჰყავდა. გორის, რუსთავის, ბათუმისა და რუმინეთში, ქალაქ ვიქტორიას დამპროექტებელი. დედა "პიონერთა სასახლეში" ალპინიზმის კაბინეტში მუშაობდა. ძველი თბილისის ქუჩებში ბევრს დადიოდა, შენობებს აკვირდებოდა, სწავლობდა, პროფესიის არჩევაც ამან განაპირობა.
ნოდარ სუმბაძეს ძველ თბილისში შევხვდით. ეს უბანი შემთხვევით არ შეურჩევია, სოლოლაკი ხომ პირველია უბანია თბილისში, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში დაპროექტდა. აქ მოსახლეობის მდიდარი ფენა ცხოვრობდა - ბურჟუაზია, ვაჭრები, მეწარმეები...
თბილისს 5 თითივით იცნობს - ქალაქს, როგორც დროის მანქანას, რომელიც ისტორიის ფენებში გამოგზაურებთ. ხშირად ისეთი დეტალებისა და კომპონენტების ნაზავს, რომელიც ერთი შეხედვით, შესაძლოა, პარადოქსულადაც მოგეჩვენოს. თბილისი ხომ აღმოსავლურ-დასავლური, აზიურ-ევროპული მიქსია, არქიტექტურული სტილისა და ხელოვნების მიმდინარეობების ენციკლოპედია.
თბილისი საკვანძო პუნქტი იყო ევროპასა და აზიას შორის – ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ინდოელი ვაჭრები ჩამოდიოდნენ აქლემებით. ქუჩების მოკირწყვლა კი მოგვიანებით, მეფისნაცვალ ვორონცოვის დროს დაიწყო. მის სახელს უკავშირდება ტფილისის და ტფილისელების ე.წ. ევროპეიზაცია.
თბილისურ ქუჩებში ნანახი და გადახდენილი დოკუმენტურად აღწერა - ნოდარ სუმბაძემ ბოლო წლებში არაერთი ალბომი გამოსცა. მცირე ესეები თბილისური სახლების აივნებზე, აბრებზე, სვეტისთავებზე... აქ წააწყდებით როგორც ბავშვების თანამედროვე, მხიარულ ნახატებს დედაქალაქის ქუჩების კედლებზე, ისე გაქრობის პირას მისულ აუზებსა თუ ლითონის საფოსტო ჭრილებს, რომელიც ძველად თითქმის ყველა სადარბაზოს კარს ამშვენებდა.
თბილისური ფოტო დოკუმენტალისტიკა – ძველი თბილისის თითქმის 500-მდე სახლის ფასადი, ფანჯარა, 150 წლისწინანდელ ბარელიეფებზე გამოსახული ტიტანები, ეშმაკები, პანები თუ სირინოზები ტაბულებად ტრანსფორმირდნენ და არქიტექტორ ნოდარ სუმბაძის კომპიუტერის უამრავ ფაილში განლაგდნენ.
გვესაუბრება გერმანელების კვალზე, თბილისში და - არამხოლოდ. ისინი საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ. დასახლდნენ მტკვართან ახლოს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სწორედ ისინი ამარაგებდნენ მთელ თბილისს საკვებით, მათი მოწყობილია სახელოსნოებიც.
მეხსიერების ფრაგმენტების შემგროვებელი კაცი ძველი თბილისის ქუჩებში ისევ მოგზაურობს და თბილისურ მემკვიდრეობას აგროვებს.