გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი, ბოლო ორი დღეა მძიმე ბრალდებების ადრესატია. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, თავშესაფარში არსებული კრემატორიუმი მიუსაფარი ძაღლების დასაწვავად გამოიყენება - ამ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს ბექა გიუნაშვილი. თავშესაფრის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ადგილზე ძაღლებს მხოლოდ შესაბამისი პროცედურები უტარდებათ, რეაბილიტაციის შემდეგ კი ბუნებრივ გარემოში აბრუნებენ.
ოფიციალური უწყებებისა და ბრალდებების ადრესატების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადების მიუხედავად, ცხოველთა დამცველების ნაწილი უაპელაციოდ მაინც ამტკიცებს, რომ გორის თავშესაფარში მიუსაფარ ცხოველებს წვავენ.
ბრალდებებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აბათილებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მალევე სამმართველოს თანამშრომლები გორში ჩავიდნენ და ტერიტორია დაათვალიერეს და არც კანონდარღვევა აღმოუჩენიათ.
აჟიოტაჟი კი სოციალურ ქსელში სწორედ ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს, ნაწილმა კი გორის თავშესაფართან აქციაც გამართა.
ტყუილსა და ცილისწამებას უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გასაჯაროვებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
გორი გამონაკლისი არ არის, ბრალდებების ადრესატი დღეს უკვე თბილისის თავშესაფარიც გახდა. ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც აქტივისტებისა და ცხოველთა დამცველების ნაწილი თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზე შეიჭრა სადაც დაავადებული ცხოველები იყვნენ განთავსებული. აქტივისტებმა ვოლიერებიდან ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები გამოიყვანეს.
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრებში მხოლოდ დაავადებული ძაღლები რჩებიან, ნაწილი მკურნალობის ნაწილი კი დაკვირვების მიზნით. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ცხოველებს აცრა, დაჩიპვა სტერილიზაცია და კასტრაცია უტარდებათ მათ უსაფრთხო გარემოში აბრუნებენ. ასე დაუბრუნდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 10-ზე მეტი ძაღლი მიმკედლებელს.
ბუნებრივ არეალში მყოფი ცხოველების მხრიდან, ხშირია მოქალაქეების დაკბენის ფაქტებიც.
მსგავსი შემთხვევები საქართველოს არაერთ რეგიონში ფიქსირდება, მათ შორის ბაღდათში, ხარაგაულში, ლანჩხუთსა და გურჯაანში. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში დაკბენის ფაქტები ყოველწლიურად მზარდია გასულ წელს 6015 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს კი ეს რიცხვი უკვე 1214-ს შეადგენს.
რა მიზანი აქვს ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამას - სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მისი დანიშნულება როგორც ძაღლების ასევე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა. უწყების განმარტებით, პროგრამის გამჭვირვალობისა და ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით დაინტერესებულ პირებს ძაღლების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია მიეწოდებათ.
ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელებულ არაერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დღეს კომენტარი გარემოს დაცვის მინისტრმაც გააკეთა. დავით სონღულაშვილის თქმით, დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი, სენსიტიური თემით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ხელისუფლების დისკრედიტაციაა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში თავშესაფარში გადაყვანილი 502 ძაღლიდან 400-ზე მეტმა ის უკვე დატოვა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.