"ეროვნული მოძრაობის შტაბ-ბინა იყო სიონი. პატრიარქი არ იყო მხოლოდ საეკლესიო აღორძინებაზე ორიენტირებული, ის ფიქრობდა ყველაფერზე. ბევრს აღუნიშნავს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომ იგი, გარკვეული თვალსაზრისით, მონაწილეობდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების საკითხების გააზრებაში და მის ხელშეწყობაში," - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა "რუსთავი 2-ის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ილია მეორე მოღვაწეობის განმავლობაში, ზრუნავდა, როგორც საერო, ასევე, საეკლესიო ცხოვრების აღორძინებაზე.
"ეროვნული მოძრაობის გაძლიერებაში, რასაკვირველია, ძალიან დიდი როლი ჰქონდა პატრიარქს და პატრიარქის წინამძღოლობით მაშინდელ ეკლესიას. ზრუნავდა, როგორც საერო ცხოვრების აღორძინებაზე, ასევე, საეკლესიო. მისი წყალობით მოხდა დიდი სასწაული. 15 საუკუნე საქართველო იბრძოდა, რომ მსოფლიოს საპატრიარქოს ეღიარებინა ჩვენი ავტოკეფალია მეხუთე საუკუნიდან. ამას ვერავინ ვერ მიაღწია და მან კომუნისტური რეჟიმის პერიოდში მიაღწია. მე მინდა ვთქვა, რომ ის იყო ძალიან ფენომენალური პიროვნება, რომლის ინტერესების სფერო იყო [უსაზღვრო] არ არსებობდა სფერო, რომელიც მას არ აინტერესებდა და გარკვეულად არ იყო ამ საკითხებში გარკვეული," - განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა.