06 აგვისტო 2026,   14:31
ვრცლად
"არ დავუშვებთ, რომ დიდმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა ჩვენი პატარა, მაგრამ უდიდესი კულტურის და ტრადიციების მქონე ქვეყანა გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისთვის" - კახა კალაძე

"ეს არის სრული ბოდვა," - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიში.

მისივე განცხადებით, ქვეყნის შიგნით რა კანონები მიიღება, ამას საქართველოს ხელისუფლება თავად გადაწყვეტს.

"მგონი, ყველა კარგად ვხვდებით, რატომ დაიწყო ეს ყველაფერი და რა დგას მის უკან - ჩვენ გვთხოვენ, რომ გავაუქმოთ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონი, გვთხოვენ, რომ გავაუქმოთ "გამჭვირვალობის" კანონი, გავაუქმოთ ამერიკული FARA და ვიმოქმედოთ არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი სურვილების შესაბამისად, - წარმოუდგენელია. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე, რაც სჭირდება, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს. დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა დავალებები და მითითებები და თავჩაღუნული იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას გადაწყვეტს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია.

მთელი რიგმა ქვეყნებმა, მაგალითად, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესპანეთი, აშშ, საფრანგეთი, - მხარი არ დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, რაც მისასალმებელია. ხედავთ, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, როგორი საფრთხის წინაშე დგას მთელი მსოფლიო - შესაბამისად, ყველა ქვეყანა მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ დიდმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა ჩვენი პატარა, მაგრამ უდიდესი კულტურის და ტრადიციების მქონე ქვეყანა გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისთვის, არ დავუშვებთ ამას, ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს წლები," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები