18 ივნისი 2026,   21:10
ვრცლად
ჰეგსეთის განცხადებით, აშშ-ის მოკავშირეები სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებში, მზად არიან ირანის მხრიდან თავდასხმის შემდეგ ომში შეტევითი როლი შეასრულონ

აშშ-ის მოკავშირეები, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებიდან, რომლებიც ადრე ირანთან ომში ჩაბმისგან თავის შეკავებას ცდილობდნენ, თეირანის თავდასხმის შემდეგ, ამ პოზიციას განიხილავენ, - ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი და საუდის არაბეთი, რომლებმაც ბოლო კვირა ირანის თავდასხმებისგან საკუთარი ტერიტორიების დაცვას დაუთმეს, მზად არიან უფრო შეტევითი როლი შეასრულონ, მათ შორის, მზად არიან აშშ-სთვის იმ სამხედრო ბაზებზე წვდომის მისაცემად, რომლებზეც ადრე უარი თქვეს, განაცხადა ჰეგსეთმა ამ კვირაში გამართულ ორ პრესკონფერენციაზე.

"ის, რასაც ირანი მოკავშირე ქვეყნებზე თავდასხმით აკეთებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში თავის შეკავებას ამჯობინებენ, ფაქტობრივად, მათ ამერიკული ორბიტისკენ იზიდავს", - განაცხადა ჰეგსეთმა ხუთშაბათს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურთან, ადმირალ ბრედ კუპერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

"ახლა არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, ქუვეითი და სხვები ამბობენ: "ჰეი, ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენ თქვენთან ერთად ვისვრით, ჩვენ თქვენთან ერთად ვიფრენთ, ჩვენ თქვენთან ერთად დავიცავთ თავს. ჩვენ საშუალებას მოგცემთ, ჩვენს ბაზებზე ძალების მეტი ნაწილი განათავსოთ", - განაცხადა ჰეგსეთმა.

მან მსგავსი კომენტარები ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და თქვა, რომ სპარსეთის ყურის სახელმწიფოები "ახლა ხვდებიან, რომ ამ საკითხს მოგვარება სჭირდება".

სპარსეთის ყურის ქვეყნებმა დაგმეს ირანის დარტყმები და განაცხადეს, რომ ისინი იტოვებენ საპასუხო ზომების მიღების უფლებას, თუმცა არ გამოუხატავთ ომთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლის სურვილი. 3 მარტს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ აბუ-დაბიმ შესაძლოა განიხილოს ირანის მიმართ შეტევითი მიდგომა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა განაცხადეს: "მათ არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თავდაცვითი პოზიციის შეცვლის შესახებ, ირანის განმეორებითი თავდასხმების საპასუხოდ“.

კატარმა განაცხადა, რომ ირანის დარტყმებს "საფასური" ექნებოდა, თუმცა განაცხადა, რომ ეს ირანის წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი არ იყო.

CNN-ი წერს, რომ კომენტარისთვის სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაუკავშირდა.

დღის ამბები