ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა პირველი მარტიდან ეკრძალებათ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მთავრობის შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, მთავრობამ დაიცვას საკუთარი მოქალაქეების შრომითი ინტერესები. პრემიერის განკარგულებაში გაწერილია ის პროფესიები და შრომითი/ სამეწარმეო საქმიანობები, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები. საკურიერო მომსახურებაზე, მგზავრთა გადაყვანასა და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებაზე ნულოვანი კვოტა განისაზღვრა. აღნიშნული საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, აღნიშნული ცვლილება დადებითად აისახება მოსახლეობაზე.
"ვიხელმძღვანელებთ საერთაშორისო პრაქტიკით. ამ განკარგულებით დადგინდა კონკრეტული სტანდარტები იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა, ამ სტანდარტების შესაბამისად შეძლონ დასაქმება.
ეს არის დროული გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაჩნდება მეტი შესაძლებლობა, რათა დასაქმდნენ, მიიღონ შრომითი სარგებელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში მოგვცემს შედეგებს, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაზე", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.