ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა პირველი მარტიდან ეკრძალებათ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მთავრობის შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაიცვას საკუთარი მოქალაქეების შრომითი ინტერესები. პრემიერის განკარგულებაში გაწერილია ის პროფესიები და შრომითი/ სამეწარმეო საქმიანობები, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები.
საკურიერო მომსახურებაზე, მგზავრთა გადაყვანასა და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებაზე ნულოვანი კვოტა განისაზღვრა. აღნიშნული საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით უპირატესობა ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება.
"კანონის მიხედვით პრიორიტეტი ენიჭება ადგილობრივ შრომით რესურსებს. იქნება სისტემური მიდგომა, სწორი აღრიცხვა მოხდება, თუ რამდენი ადამიანი არის საქართველოში შემოსული და რა კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობს.
საერთო ჯამში, გვექნება საშუალება, რომ შრომითი ბაზარი სწორად შევაფასოთ, სწორი პროგნოზები გავაკეთოთ, შესაბამისად, ჩვენი შრომითი რესურსი სწორად გადავამზადოთ", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
"გვექნება საშუალება, რომ შრომითი ბაზარი სწორად შევაფასოთ, სწორი პროგნოზები გავაკეთოთ, შესაბამისად, ჩვენი შრომითი რესურსი სწორად გადავამზადოთ" - შოთა ბერეკაშვილი