სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისია მუშაობას განაგრძობს. მომდევნო კვირას პარლამენტში კომისიის წევრები სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ. კანონმდებლები იმ მიზეზებს განიხილავენ, რაც პროდუქციაზე ფასების ზრდას იწვევს.
"შეხვედრები, რომელიც იგეგმება იმპორტიორ დისტრიბუტორებთან, კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის რიგ პრობლემატურ საკითხებს, რაც არსებობს ამ ურთიერთობაში, რომელიც მოქმედებს საერთო ფასწარმოქმნაზე. მწარმოებლებმა უკვე ისაუბრეს ამ პრობლემებთან დაკავშირებით და [კომისიას] მიაწოდეს მთელი რიგი პრობლემატური საკითხები, რომლებიც, რა თქმა უნდა, თანხვედრაშია სადისტრიბუციო სექტორის პრობლემებთან, მაგრამ გარდა ამისა, კიდევ არსებობს საკითხები, რომლებიც, საბოლოოდ, ნეგატიურ გავლენას ახდენს ფასწარმოქმნაზე. ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრების შემდგომ, კომპლექსური ნაბიჯების გადადგმის შედეგად, საერთო ჯამში, მომხმარებლებისთვის დადებით შედეგს მივიღებთ," - აცხადებს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ლაშა რიჟამაძე.
გასულ კვირას, კომისიის წევრებმა ფასების საკითხზე ფქვილის, პურ-ფუნთუშეულის და ტკბილეულის მწარმოებლებთან ერთად იმსჯელეს. დაისვა კონკრეტული შეკითხვები, ყურადღება გამახვილდა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც მათ ფასების რეგულირების პროცესში აქვთ.