"ქართული ოცნება" ისევ ეჭვობს, რომ წელს გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა და საზოგადოება მიზანმიმართულად მოატყუა. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ გახარია და მისი გუნდი ამომრჩევლებს "ციდან მოტანილი ნარატივებით კვებავდნენ."
"მისი რესურსი ნულის ტოლია. თქვენ ძალიან კარგად ნახეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში თითქმის იმის ნახევარი აიღო, რაც საპარლამენტო არჩევნებში. რაც დრო გავა, კიდევ უფრო ნაკლებს აიღებს. ყველამ კარგად დაინახა, რომ ეს ორგანიზაცია და მისი ლიდერი ციდან მოტანილი ნარატივებით კვებავდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, შემდეგ დაჰპირდნენ, რომ პარლამენტში სერიოზულად იფუნქციონირებდნენ, თუმცა ერთი წელი საერთოდ არ მოგვაკითხეს. არც იმას შეუერთდნენ, რომ ბოიკოტი ყოფილიყო, მერე თითქოს შემოვიდნენ. რა თქმა უნდა, ამას ელექტორატიც ამჩნევს და მათი უცხოელი პატრონებიც, რომ არაფერი სერიოზული ამ ხალხისგან არ გამოდნება," - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ, ჯერ კიდევ 13 თებერვალს, პარტიამ Facebook-ზე დადო ანონსი, რომ გახარია მიუნხენის კონფერენციას დაესწრებოდა და ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავდა, თუმცა კონფერენცია ისე დასრულდა, რომ გახარიას არანაირი შეხვედრის ამსახველი მასალა არ გაუსაჯაროებია. გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციაზე გასულ წელს იმყოფებოდა, მის სოციალურ ქსელში შეხვედრების ამსახველი არაერთი ფოტო იძებნება.
ავტორი: ნანა გოგატაძე