13 აგვისტო 2026,   20:16
ვრცლად
"მამუკა მდინარაძე აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სამუშაო ვიზიტი იყო - ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი, რომელსაც თან ახლავს მედია გაშუქება" - გია ვოლსკი

მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან მორიგ სპეკულაციაზე საუბრობს, რომელიც ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვაშინგტონში ვიზიტს უკავშირდება. ოპოზიციის მხრიდან გააქტიურდა საუბრები, თუ ვის შეხვდა მამუკა მდინარაძე შტატებში და რა იყო განხილვის მთავარი თემა. ითხოვენ განმარტებას, დაასახელეს რამდენიმე ვერსია, - მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბესო შენგელიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ მამუკა მდინარაძე შეხვდა ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ტულსი გაბარდს, რაზეც საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს.

საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი.

"მამუკა მდინარაძე აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სამუშაო ვიზიტი იყო - ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი, რომელსაც თან ახლავს მედია გაშუქება და ვრცელი კომენტარები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება და ის, რომ ამას მოჰყვა ასეთი მღელვარება ე.წ. ოპოზიციაში, თავისი მიზეზი აქვს და ეს არ არის ინტერესი ან ცნობისმოყვარეობა, ეს არის ისტერიკის გამოხატულება. ისტერიკა შექმნა ამ ვიზიტმაც, პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარმა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან, თუნდაც ახლა ევროკავშირის გამორჩეული ქვეყნის ლიდერის ჩამოსვლამ საქართველოში, მაკა ბოჭორიშვილის მიწვევამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და გარკვეულმა ნაბიჯებმა, რომელიც გვიჩვენებს იმას, რომ საქართველოსთვის სასიკეთო რამ კეთდება," - აცხადებს გია ვოლსკი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები