ოფიციალური ბუდაპეშტი ამბობს, რომ ევროკავშირის ახალი კანონმდებლობა არალეგალური მიგრაციის რისკებს ზრდის და ადამიანებით მოვაჭრეების ქსელებს აძლიერებს. უნგრეთი სამართლებრივი გზებით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ევროკავშირის "მიგრაციისა და თავშესაფრის" პაქტი სახელმწიფოების სუვერენიტეტს დააზიანებს.
"მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტით" გათვალისწინებულ მოთხოვნებს არც ლატვია დაემორჩილება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სეიმში გამოსვლისას, ღიად თქვა, რომ რიგა მიგრანტებს არ მიიღებს და არც იმ ჯარიმას გადაიხდის, რომელიც შესაძლოა ევროკომისიამ ამ გადაწყვეტილების გამო დააწესოს.
ახალი პაქტით გათვალისწინებული პირობების დაცვას ევროპის არაერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება. წესები მიუღებელია პოლონეთის, ავსტრიის, ხორვატიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და იტალიისთვის. სახელმწიფოები არ ეთანხმებიან ე.წ. "სოლიდარობის მექანიზმს", რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მიერ 30 ათასი იმიგრანტის მიღებას და, იმიგრანტის მიღებაზე უარის გამო, 20 ათასი ევროს ჯარიმას ითვალისწინებს.
მასობრივი იმიგრაცია ევროკავშირის ერთ-ერთ მწვავე გამოწვევად რჩება. სხვადასხვა მონაცემით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ბლოკის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა. ამ გამოწვევის პასუხად, 2024 წელს, "მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტი" მიიღეს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ამოქმედდება.