"ვაკეზე მიწის შეძენა მოვახერხეთ. ახლა შენობისათვის უნდა გვეზრუნა. მაგრამ საიდგან, რა ღონით, ფული სად იყო? გადავწყვიტეთ, ჩვენი საწყალი ჯიბეები გადმოგვებრუნებინა და რაც გვქონდა, ამოგვებერტყა. იყო შედგენილი სიები ქართველ მოხელეთა, მსახურთა და ასე გროშობით, სწორედ გროშობით შეკრებილი ფულით ჩავყარეთ საძირკველი" – იაკობ მანსვეტაშვილი "მოგონებანი".
საუკუნის წინ ასე ჩაეყარა საფუძველი ქართველების ცოდნის ტაძარს, მაგრამ სანამ პირველი უნივერსიტეტის შენობა გაჩნდებოდა, იყო იდეა, რომელიც ქართველ ისტორიკოსებს საქართველოდან შორს ყოფნის დროს გაუჩნდათ.
საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე - 19 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. უმაღლესი სკოლის შექმნის რეალური შესაძლებლობები კიდევ უფრო გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც თბილისის სათავადაზნაურო - საადგილმამულო ბანკი დაარსდა. პირველი ქართველი ბანკირი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე მე - 19 საუკუნის სამოციან წლებში აქტიურად იბრძოდა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებისთვის.
1917 წელს, ივანე ჯავახიშვილი პეტერბურგში იწყებს ქართული უნივერსიტეტის დაარსების შესახებ შეხვდრებს. მის ბინაში იკრიბებიან უნივერსიტეტის დაფუძნებით დაინტერესებული ცნობილი ქართველი ისტორიკოსები: ექვთიმე თაყაიშვილი, აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე, კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, დიმიტრი უზნაძე, პეტრე მელიქიშვილი, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე და გიორგი ახვლედიანი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების იდეის მთავარი მოწინააღმდეგე - რუსეთია. ისინი ქართველებს იმასაც ურჩევენ, რომ ქართული უნივერსიტეტის ნაცვლად, რუსული დააარსონ. შალვა ნუცუბიძე იხსენებს:
"მზრუნველი კილოთი გვირჩევდნენ, ხელი აგვეღო იმ უიმედო საქმის დაწყებაზე, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტი ეწოდებოდა. ქართულ ენას არ ააქვს არც მეცნიერული ტერმინოლოგია, არც მეცნიერული ტრადიცია, ყველა ამის შექმნა არა თუ ძნელი, უიმედო საქმეაო - გვეუბებოდა ეს გულშემტკივარი ხალხი".
რადგანაც უნივერსიტეტის დაფუძნებას ეწინააღმდგებიან იმ არგუმენტით, რომ სამეცნიერო ტერმინოლოგია იმ დროისთვის საქართველოში არ არსებობს, ივანე ჯავახიშვილი და უნივერსიტეტის სხვა დამფუძნებლები ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურდებიან. ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, იქმნება კომისიაც, სადაც სამეცნიერო ტერმინოლოგიაზე იწყებენ მუშაობას.
პირველი ქართული უნივერსიტეტი იმდროინდელი ინტელიგენციის შემოწირულობებით აშენდა. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკმა. ის რუსეთის იმპერიაში არსებულ ბანკებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც თავის შემოსავალს ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეურნეო ინტერესებს ახმარდა. როგორ აშენდა უნივერსიტეტის შენობა?
იაკობ მანსვეტაშვილი მოგონებებში წერდა, როგორ სიდუხჭირეში შეძლო ინტელიგენციამ შენობის აშენება.
"როდესაც მოვახერხეთ და ჩვენი სათავად-აზნაურო სკოლა საყოველთაო საშუალო სასწავლებლად გადავაკეთეთ, საკუთარი თავშესაფარი არ გვქონდა ამისთვის, კატის კნუტივით დავათრევდით ამ სასწავლებელს და ხან ერთ შენობაში გადავიტანდით, ხან მეორეში, მაგრამ ყველა ყოვლად უვარგისი იყო, გამოუსადეგარი, სწავლებისთვის სრულიად მოუწყობელი. უნდა გვეფიქრა საკუთარი შენობის შესაძენად. შესაფერისი ტფილისში არაფერი მოიპოვებოდა.
უნდა გვეფიქრა საკუთარ შენობაზე. გართულდა საქმე, ფული ბევრი უნდოდა. ჩვენი გროშებით და თუნდ მანეთებითაც ვეღარას გავხდებოდით. უნდა სხვა ღონე გვეღონა. აი, სწორედ აქ იჩინა თავი ნიკო ცხვედაძემ".
მთავარი კორპუსის ოთხსართულიანი შენობა, რენესანსული არქიტექტურის მოტივებს ეფუძნება. მთავარი ფასადის ცენტრალურ ნაწილს გუმბათით დასრულებული შვერილი წარმოადგენს, რომელიც რუსტრირებული და გიგანტური კორინთული პილასტრებითაა გაფორმებული. შენობის ხუროთმოძღვარია პირველი ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული — სიმონ კლდიაშვილი, მშენებლობის ორგანიზატორი კი — ცნობილი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1940 წელს მ. შავიშვილის პროექტით უნივერსიტეტის II კორპუსი აშენდა. თავისი მასშტაბით, არქიტექტურული მორთულობითა და ფერით მთავარ კორპუსს ეხამება.
1917 წლის 2 დეკემბერს უკვე არსებობს დოკუმენტი, რომ დამტკიცეს ქართული უნივერსიტეტის დებულება. იურიდიულად სახელმწიფო უნივერსიტეტი 1917 წლის დეკემბერში დაფუძნდა. დამფუძნებელთა უმრავლესობამ გადაწვიტა, რომ გახსნის საზეიმო ღონისძიება ჩაეტარებინათ 1918 წლის შემოდგომაზე, იანვრის 14–ში, როცა ნინოობას აღნიშნავს ქართული ეკლესია, მაგრამ ვერ მოესწრო, არც შენობა იყო და არც შესაბამისი ინვენტარი, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, საზეიმოდ გაიხსნა.
საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი 1918 წლის 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში დაარსდა. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს მაშინ პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო მთელ კავკასიაში.
1918 წლის 13 იანვარს უნივერსიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა, სადაც რექტორად ივანე ჯავახიშვილის არჩევა სურდათ, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს.
პეტრე მელიქიშვილი, ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, უნივერსიტეტის პირველ რექტორი გახდა. უმაღლესი სასწავლებლის გახსნის დღეს უნივერსიტეტის ეზოში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა ღავლინა.
უნივერსიტეტის გერბი და ბეჭედი
გახსნის პირველივე დღეებში პორფესორთა საბჭომ განიხილა საკითხი უნივერსიტეტი ბეჭდის ესკიზის დამტკიდების თაობაზე.
ბეჭდის ესკიზი მოგვიანებით საფუძვლად დაედო გერბს. უნივერსიტეტის გერბი იმის სიმბოლოა, რომ სამყაროს შეცნობა ცოდნით არის შესაძლებელი. გერბზე ოქროსფრად გამოსახულია სიცოცხლის ხე. ცოდნის მიიღება შეგირდსა და მოძღვარს შორის ისეთივე ურთიერთობაა, როგორც დედა–შვილობაა. უნივერსიტეტის გერბიც სწორედ ამას ასახავს.
როცა უნივერსიტეტი გაიხსნა, მას მხოლოდ 3 ოთახი ჰქონდა, სათვდაზნაურო გიმნაზიის შენობაში. იქიდან ერთი ოთახი უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ბიბლიოთეკისთვის გამოყვეს, რომლიც შემდეგ გადატიხრეს, ნახევარში მოაწყვეს საცავი და ნახევარი იყო სამკითხველო დარბაზი.
(სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლები)
(უნივერსიტეტის პირველი პედაგოგები)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ლექცია, რომელიც 1918 წლის 30 იანვარს ჩატარდა, ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. უნივერსიტეტს პროფესორ-მასწავლებელთა რიგებში 1918 წლის დასაწყისისათვის 18 კაცს ითვლიდა. აუდიტორიებში შევიდა 369 სტუდენტი და 89 თავისუფალი მსმენელი.
1921 წლის 21 თებერვალს, როდსაც საბჭოთა არმია თბილისის საზღვრებს მოადგა, უნივერსიტეტის ეზოში ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმდროინდელმა რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა სტუდენტებს ბრძოლისკენ მოუწოდა.
"ყოველ ჩვენგანს, მეტადრე მოხუცებულებს, უნდა ახსოვდეს, რომ "იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა". ძველმა თაობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ტურფა საბაღნარო ტურფა საბაღნაროდ დარჩეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ ახალი, კარგად მომზადებული კადრების შექმნით, რომლებიც არათუ ჩამოუვარდებიან ამ ძველ თაობას, არამედ ძველ თაობაზე უკეთესები იქნებიან".
(მარო მაყაშვილი)
სტუდენტებს შორის მარო მაყაშვილიც იყო, რომელიც საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა.
1922 წლის 15 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი.
1946-1958 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იოსებ სტალინის სახელობისა იყო. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
1919-1926 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი იყო. თუმცა საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, რექტორობა აუკრძალეს. მას დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა უფლება, თავისივე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციები წაეკითხა.
სიბრძნისმეტყველება - პირველი ფაკულტეტი
1917 წელს გადაწყდა რომ უნივერსიტეტის პირველი და ერთადერთი - სიბრძნისმეტყველების ანუ ფილოსოფიის ფაკულტეტი შეიქმნებოდა. ფაკულტეტი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებდა: მათემატიკას, ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
1922 წელს უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები იყვნენ: სიმონ ჯანაშიამ, ვარლამ თოფურიამ, არნოლდ ჩიქობავამ, შალვა ამირანაშვილმა, ლევან (ლენკო) მუსხელიშვილმა და შემდგომში გამოჩენილმა სხვა მეცნიერებმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი წერდა, თუ ერს არ აქვს მეცნიერება მას ნაკლებად აქვს შანსი, რომ დამოუკიდებელ ერად, ქვეყნად და სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, ხოლო ეროვნული მეცნიერება შესაძლებელია, მხოლოდ უნივერსიტეტში შეიქმნასო. მისი სხელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი საფუძველი ჩაუყარა ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. წლების განმავლობაში აღზარდა ეროვნული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ჩამოაყალიბა საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები მათემატიკაში, ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაში, ენათმეცნიერებაში, ისტორიაში, აღმოსავლეთმცოდნეობაში.