05 აგვისტო 2026,   14:29
ვრცლად
მეორე მოწმის დაკითხვა მოხდა სასამართლოს წინაშე, მათ მიაწოდეს სასამართლოს ინფორმაცია, თუ როგორ შეეშალათ ხელი მურთაზ ზოდელავას მიერ განხორციელებული ქმედებებით იმ მომენტში, როდესაც ხდებოდა ლევან ხაბეიშვილის დაკავება - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას პროცესი გაიმართა. სხდომას ლევან ხაბეიშვილი დაესწრო, მურთაზ ზოდელავამ კი სასამართლოში მისვლაზე უარი განაცხადა. დაიკითხა რამდენიმე მოწმე, მათ შორის სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელმაც ისაუბრა, თუ რა ვითარებაში და რატომ მოხდა მათი დაკავება. მისი თქმით, მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა და ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის დამალვა. 

"მეორე მოწმის დაკითხვა მოხდა სასამართლოს წინაშე. მათ მიაწოდეს სასამართლოს ის ინფორმაცია, თუ როგორ შეეშალათ ხელი მურთაზ ზოდელავას მიერ განხორციელებული ქმედებებით იმ მომენტში, როდესაც ხდებოდა დაკავება ლევან ხაბეიშვილის. გაგრძელდება ისევ არსებითი განხილვა, შემდეგი პროცესზე ასევე ჩემ მიერ წარმოდგენილი იქნებიან სხვა მოწმეები, რომლებიც გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტს დაადასტურებენ და აღნიშნულის შემდეგ იგეგმება უკვე იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც უშუალოდ შეეხება ლევან ხაბეიშვილს და მის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს“, - აცხადებს პროკურორი ბექა ხუნაშვილი.

გამოძიება ზოდელავას გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავება, ლევან ხაბეიშვილს კი ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.

"ვინც არ უნდა დაიკითხოს ამ საქმეში, ყველა არის დაცვის მხარის მოწმე, რადგან არცერთი მოწმე არ ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა ჩაიდინა დანაშაული“, - აცხადებს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

დღის ამბები