ტრადიციული ფეხბურთის გულშემატკივარს ალბათ გააკვირვებს, მაგრამ პატარა სტუდია, მინდვრის და გულშემატკივრის იარუსის გარეშე, ფეხბურთის არენაა. მატჩები კი, კლასიკური ფეხბურთის ყველა წესის დაცვით იმართება.
ერთი სპორტსმენი არის გუნდის მეკარეც, თავდამსხმელიც, მცველიც და მწვრთნელიც. მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ 12 ადამიანის საქმეს ითავსებს, არც დიდი ფიზიკური აქტივობა მართებს და ტრავმებისგანაც დაზღვეულია. ფეხბურთის ამ სახეობას ხელის განსაკუთრებული მოტორიკა, მყარი ფსიქიკა, მაღალი ინტელექტი და ფეხბურთის წესების თანმიმდევრული ცოდნა სჭირდება - სპორტის ეს სახეობა კიბერ-ფეხბურთია.
ციფრული სამყაროს განვითარების კვალდაკვალ, კიბერ სპორტმა ფეხი საქართველოშიც წარმატებით მოიკიდა და დღეს უკვე 9 წლიანი ისტორია აქვს.
საერთაშორისო უმაღლეს მწვერვალამდე, საქართველოს წარმომადგენელ კიბერ სპორტსმენს, ჯერ ეროვნული ლიგის თასის მოპოვება მოუწევს. გამარჯვებისთვის ახლა 12 კლუბი ანუ 12 კიბერსპორტსმენი იბრძვის. ისინი ლიგაზე რეალურ კლუბებს წარმოადგენენ, ისეთებს როგორებიც არის მაგალითად "დინამო თბილისი, "დინამო ბათუმი" ," ქუთაისის ტორპედო" "ტყიბულის მეშახტე".
მნიშვნელოვანია, რომ სპორტის ამ სახეობით ახალგაზრდები, განსაკუთრებით გოგონები დაინტერესდნენ, რადგან კიბერ ფეხბურთის ქართულ წარმომადგენლობაში გენდერული დისბალანსია, თუმცა ვირტუალურ მოედანზე ბევრი ქალია.
ამ სპორტის გულშემატკივარს ქომაგობა ონლაინ რეჟიმში შეუძლია. ის აქაც მეცამეტე მოთამაშეა. ონლაინ მატჩებს უძღვებიან კომენტატორები - არც მეტი არც ნაკლები ფედერაციის პრეზიდიუმი.
კიბერ ფეხბურთში წარმატების მთავარი საზომი, რა თქმა უნდა, ტაბლოა - ანგარიში, რომელიც მოგებულის სტატუსს განსაზღვრავს.
ტაბლომ 30 აპრილს ეროვნული ლიგის თასის მფლობელი უნდა გამოავლინოს. გამარჯვებულს კი საქართველო ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, შემდეგ კი მსოფლიო პირველობაზე უქომაგებს.