საქართველოს პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის ფორმატში საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოში საწვავზე არსებული ფასები და მისი შესაძლო შემცირების რესურსი. გაკეთდა განცხადება, რომ სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები გაცილებით დაბალია, რასაც მათ შორის განაპირობებს აქციზის დაბალი გადასახადი, რომელიც სამჯერ ნაკლებია ევროპულ ქვეყნებში არსებულ ტარიფზე. მიუხედავად ამისა, ითქვა, რომ ფასების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით დისკუსია შესაძლებელია. მთავრობის მეთაურმა მოისმინა საწვავის კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებები, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება. დისკუსია მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისიის ფორმატში გადაინაცვლებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსი საწვავის ფასი ევროპული ქვეყნების ფასებთან შედარებით დაბალია, მიმდინარეობს მუშაობა მისი კიდევ უფრო შესამცირებლად.
"ჩვენ დეტალურად ვიმსჯელეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს საქართველოშია, ასევე როგორც გლობალურად არის. ერთი მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საწვავის ფასებს თუ შევადარებთ ევროპის ქვეყნებს, ჩვენ ვხედავთ, რომ საგრძნობლად ნაკლებია საქართველოში საწვავის ფასები, რაც განპირობებულია იმ სწორი პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს უშუალოდ აქციზის საფასურთან მიმართებაში, რაც 3-ჯერ უფრო დაბალია ვიდრე ეს არის ევროპის ქვეყნებში. ეს არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი თუ რატომ არის საქართველოში საწვავი უფრო იაფი ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ მიმართულებითაც ვაგრძელებთ მუშაობას და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორთან ერთად ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და მსჯელობას თუ რა რესურსი შეიძლება ვნახოთ ერთიანი ძალისხმევით, იმისთვის, რომ საწვავის ფასი საზოგადოებისთვის გაიაფდეს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.