14 აგვისტო 2026,   21:47
ვრცლად
ევროპელი ლიდერების ვიზიტები ჩინეთში - "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას სასიცოცხლოდ სჭირდება, მით უმეტეს ევროკავშირს

გაერთიანებულ სამეფოს, ჩინეთთან, როგორც გლობალურ ასპარეზზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოთამაშესთან, დახვეწილი ურთიერთობის აშენება სურს - ეს კირ სტარმერის განაცხადია, რომელიც პეკინში გაკეთდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით, 8 წლის შემდეგ პირველად ჩავიდა.

კირ სტარმერი პირველად შეხვდა სი ძინ პინს, თუმცა ის პირველი ევროპელი ლიდერი არ არის, ვინც ჩინეთთან კავშირების გაღრმავებას ცდილობს.

ბრიტანეთის პრემიერამდე იყვნენ ევროკავშირის ლიდერები - ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა. მათთან ერთად იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

რამდენიმე კვირის წინ სტუმრობდა პეკინს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. დასავლელ ლიდერებს შორის იყო კანადის პრემიერიც.

ჩინეთის პრეზიდენტთან ოფიციალური შეხვედრისთვის ახლა უკვე გერმანიის კანცლერი ემზადება.

"აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას სასიცოცხლოდ სჭირდება, მითუმეტეს ევროკავშირს" - "ქართული ოცნებისთვის" ეს არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, არამედ ფაქტებით დადასტურებული მოცემულობაა - ისევე როგორც, ის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც სწორედ ევროპელი ლიდერები იჩენდნენ საქართველოს მიმართ. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, თანაც გაცილებით ადრე, ვიდრე იგივე რეგიონის სხვა ქვეყნებმა, რომელთა გადაწყვეტილებასაც კრიტიკა არც მოჰყოლია. საქართველოს შესახებ
კი ევროკავშირის სტრუქტურები ოფიციალურ ანგარიშებშიც კი წერდნენ, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის გამო, ქვეყანა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ასცდა.

წლებით ადრე გააფორმა საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი მიმოსვლაც, ბრიტანეთმა კი ასეთ შეთანხმებას მხოლოდ დღეს მიაღწია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ფაქტები არაფერს ნიშნავს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოფიციალური ვიზიტების მიუხედავად ჩინეთი ევროპისთვის ანტიდემოკრატიული ქვეყანაა.

"ვისაც დაგაჯერეს, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან დაშორებას ნიშნავდა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ" - მიმართავს ოპონენტებს "ქართული ოცნება" და მიუთითებს თავად დასავლელი ლიდერების ნაბიჯებზე. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროპა, რომელიც გეოპოლიტიკურად პასიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ორმაგ სტანდარტთან ერთად, მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური ინტერესებით მოქმედებს.

ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობის ფონზე საქართველოს ერთ-ერთი აქტიური კრიტიკოსია ჯო უილსონი, რომელმაც თბილისის პეკინთან თანამშრომლობას არაერთი განცხადება მიუძღვნა. მათ შორის ჩანაწერები ე.წ. მეგობარ აქტში. ჩინეთის შემდეგ, აზიაში ახალი მოკავშირეების ძიებაში კი ევროკავშირმა ვიეტნამთან ურთიერთობა ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე აიყვანა, დღევანდელი ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირი ვიეტნამისთვის დიპლომატიური სტატუსით ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის დონეს გაუთანაბრდა.

დღის ამბები