07 აგვისტო 2026,   22:10
ვრცლად
დაწესდება თუ არა მედიკამენტების უმეტესობაზე ღირებულების ზედა ზღვარი - სამთავრობო კომისია სხვადასხვა პროდუქტის ფასთან ერთად, მედიკამენტებისა და საწვავის ღირებულების საკითხსაც სწავლობს

რამდენად არის სივრცე, გაფართოვდეს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც რეფერენტული ფასი ვრცელდება - მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ეს იყო. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საკოორდინაციო კომისიის წევრებთან ერთად, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სასურსათო ფასების მსგავსად, მედიკამენტების ღირებულება საქართველოში ევროპის ზოგიერთ ქვეყნებთან შედარებით 35-40%-ით მაღალია. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პროდუქტზე თუ მედიკამენტებზე ფასწარმოქმნა თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს.

შეხვედრა ნაყოფიერი და საქმიანი იყო ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელების შეფასებით, რომლებმაც თქვეს, რომ მედიკამენტებზე ფასების კონტროლი არა ფარმაცევტული სფეროს, არამედ სახელმწიფოს პრეროგატივაა. სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები აქვთ, რომლებსაც კომისიას საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში წარუდგენენ.

საქართველოში ბრუნვაში არსებული დაახლოებით 10 000 მედიკამენტიდან 7 000-ზე ზედა ღირებულების ზღვარი უკვე დაწესებულია. მედიკამენტების სიის გაფართოებასთან ერთად, საკოორდინაციო კომისიის წევრების განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, დამატებითი მექანიზმების შემუშავება უნდა მოხდეს.

პრემიერის ინიციატივით შექმნილი სამთავრობო კომისია სხვადასხვა პროდუქტის ფასთან ერთად, მედიკამენტებისა და საწვავის ღირებულების საკითხსაც სწავლობს. მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გაიმართა შეხვედრები, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებთან და ადგილობრივ მეწარმეებთან. კომისიის სხდომების პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქსელური მარკეტების ქსელებიდან ამოღებულ დოკუმენტაციას სწავლობს. სამთავრობო კომისიასთან კოორდინირებულად იმუშავებს საპარლამენტო კომისიაც, რომელიც სურსათზე მაღალი ფასწარმოქმნის პროცესს საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომებიდან შეისწავლის.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. მიმდინარე კვირას საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრა გაიმართება საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც.

დღის ამბები