ახალგაზრდების მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, წამება ციხეებში, - სახელისუფლებო გუნდის წევრები "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს იხსენებენ და ამბობენ, რომ სწორედ 2012 წლამდე ირღვეოდა ადამიანის უფლებები ყველაზე მეტად. ამ სიტყვებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით ამყარებენ. თავად, მიხეილ სააკაშვილი კი ამტკიცებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში უდანაშაულო ადამიანების უფლებები არ დარღვეულა, Facebook-სტატუსში გამოქვეყნებული ჩამონათვალის პირველ პუნქტში კი ექსპრეზიდენტი ზურაბ ვაზაგაშვილს ახსენებს, რომელიც სამართალდამცველებმა 2006 წელს ჩაცხრილეს.
სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არსებულ სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებზე საუბრობს გახარიას გუნდი. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ეს დღეს თავად "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმაც აღიარა.
დანაშაულის აღიარების ნაცვლად, რეალობის გაყალბება და თავის უსუსური მართლება - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამორალურია, როცა მიხეილ სააკაშვილი სასტიკად მოკლულ ზურაბ ვაზაგაშვილს და ნაწამებ სულხან მოლაშვილს ახსენებს.
ზურაბ ვაზაგაშვილი, ალექსანდრე ხუბულოვთან ერთად, 2006 წლის 2 მაისს, პოლიციამ თბილისში, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს ჩაცხრილა. პოლიციელებმა მანქანის მიმართულებით 70-ზე მეტი ტყვია ისროლეს, მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო გასროლა არ ყოფილა.
სტრასბურგის სასამართლომ ზურაბ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა. დაასკვნა ისიც, რომ, ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო, მაშინდელი გამოძიება კი დარღვევებით წარიმართა.
ავტორი: ნანა გოგატაძე