06 აგვისტო 2026,   18:53
ვრცლად
გარდა აღნიშნული პრობლემებისა, არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ ფასზე და კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი, რაც დაკავშირებულია დროსთან - ლაშა რიჟამაძე

ფასების რეგულირება პროდუქტებზე და სოციალური ტვირთის შემცირება მოქალაქეებისთვის, - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა იწყება.

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, ეს იქნება რიგით მესამე შეხვედრა. ორი დღის წინ. პრემიერი უკვე შეხვდა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს. პარალელურად, ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს.

მთავრობის მეთაურის ინიციატივით შექმნილი კომისია, სურსათის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის, ლაშა რიჟამაძის განცხადებით, გარდა აღნიშნული პრობლემებისა, არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ ფასზე და კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი.

"დისტრიბუტორთა ასოციაცია წლების განმავლობაში აყენებდა იმ პრობლემებს, რა პრობლემებზეც დღეს აქ ვიმყოფებით სექტორის წარმომადგენლები. იმედს ვიტოვებთ, რომ ის პრობლემები, რომელზეც, მათ შორის, პრემიერის განცხადებაში იყო მითითება, იმ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან ურთიერთობაში არსებობს, გადაჭრილი იქნება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ისე, რომ არ დაზარალდეს არცერთი ბიზნეს სუბიექტი და დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს ფასებზე. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ გარდა აღნიშნული პრობლემებისა, არსებობს პრობლემები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ ფასზე და კომპლექსურად არის გადასადგმელი მთელი რიგი ნაბიჯები, რომელიც დაკავშირებულია დროსთან, მათ შორის იმისთვის, რომ ფასწარმოქმნაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს", - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

დღის ამბები