18 ივნისი 2026,   20:02
ვრცლად
CNN: უკრაინული ჯარები სამხრეთში ინტენსიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო

უკრაინული ძალები ქვეყნის სამხრეთში მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან, სადაც შედარებით ნაკლებად აღჭურვილი დანაყოფები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან რიცხოვნობით რუსულ ბრიგადებს - ამ უკანასკნელებმა ბოლო კვირების განმავლობაში ასობით კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს, - წერს CNN-ი სტატიაში სათაურით "უკრაინული ჯარები სამხრეთში "ინტენსიური" ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო".

რუსები ზაპოროჟიეს სამხრეთ რეგიონის რამდენიმე რაიონში ღია ადგილებზე დაწინაურდნენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა ოფიცერმა ოთხშაბათს CNN-ს განუცხადა, რომ რეგიონში ვითარება „დაძაბულია“.

"მტერი ცდილობს გააძლიეროს თავისი პოზიციები მოლაპარაკებებში, მეტი ტერიტორიის ხელში ჩაგდების მცდელობით", - განაცხადა ოფიცერმა.

"რუსები იყენებენ ქვეითთა მცირე ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ ნებისმიერი გზითა და მარშრუტით გაარღვიონ ის პოზიციები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არის დაცული", - დასძინა მან.

ბოლო დროს საბრძოლო მოქმედებების უდიდესი ნაწილი ქალაქ გულიაიპოლეში და მის შემოგარენში მიმდინარეობს. გულიაიპოლე რეგიონული ცენტრიდან, ქალაქ ზაპოროჟიედან, აღმოსავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს. ზაპოროჟიეს მოსახლეობა ომის დაწყებამდე 700 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენდა.

კვირას გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ესწრებოდა, რეგიონში რუსული ძალების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანდრეი ივანაევმა განაცხადა, რომ ქალაქი აღებულია. ივანაევმა პუტინს მოახსენა, რომ დეკემბრის დასაწყისიდან მისმა ძალებმა დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 210 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავეს, რაც ამყარებს კრემლის ნარატივს იმის შესახებ, რომ საბოლოოდ რუსეთი მიაღწევს თავის მიზანს - მოახდინოს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილის ოთხი რეგიონის ოკუპაცია.

უკრაინელები ფართოდ იყენებენ დრონებს იმ რაიონებში, სადაც ქვეითი ჯარის ნაკლებობას განიცდიან. გაშლილ ადგილებში დრონები ეფექტურია რუსული ოცეულების გასანეიტრალებლად, თუმცა მიტოვებული შენობებითა და სარდაფებით განაშენიანებული ტერიტორიები თავშესაფარს სთავაზობს მომავალ ჯარებს.

ის, რაც გულიაიპოლეში მოხდა, პირდაპირ უკრაინის სამხედრო დილემის არსზე მიუთითებს. რამდენიმე კომენტატორის თქმით, 1000-კილომეტრიანი ფრონტის ხაზის ზოგიერთ მონაკვეთზე მათი ჯარები რიცხობრივად ბევრად ჩამორჩებიან მტერს და უჭირთ დამატებითი ძალების მობილიზება დანაკარგების ასანაზღაურებლად.

დღის ამბები