"ჩვენ გვაქვს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ქმედითი არ არის და დახვეწას მოითხოვს", - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სურსათზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც თენგიზ შარმანაშვილი აღნიშნავს, შეისწავლიან სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მსგავს საკითხთან დაკავშირებით, და მოიყვანენ მას საქართველოს რეალობასთან შესაბამისობაში.
შარმანაშვილი განმარტავს, რომ ეს პროცესი მოსახლეობის დაზარალების ხარჯზე არ წარიმართება.
"ჩვენ გვაქვს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ქმედითი არ არის და დახვეწას მოითხოვს. პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ გამოცდილი ქვეყნების გზები, თუ როგორ აკეთებენ ისინი ამას. მოგვიწევს გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება, იქაური პლიუსებისა და მინუსების ადაპტაცია საქართველოს კანონმდებლობასთან, ჩვენს რეალობასთან.
ფაქტია, რომ ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია მუდმივად მზარდი ეკონომიკური მაჩვენებელი ჰქონდეს არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომ ეს მაჩვენებლები დააზიანოს. მაგრამ ამას არ გავაკეთებთ ჩვენი მოსახლეობის დაზიანების ხარჯზე", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.